საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე.
ნიკა ტყემალაძის განცხადებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი პროექტი.
„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, აქედან გამომდინარე მიმდინარეობს არაერთი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ საგანმანათლებლო კუთხით, რომელიც მოქალაქეებზეა მორგებული და გამომდინარეობს მათი საჭიროებებიდან. სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტის მერებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვანია თითოეული პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში“,- განაცხადა ნიკა ტყემალაძემ.
სახელმწიფო რწმუნებულებმა, დეპარტამენტის უფროსთან ერთად განიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და საჭიროებების აღმოფხვრის გზები. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სამუშაო შეხვედრას რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კაჭარავა და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.