ნინო წილოსანი გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებზე: ისინი დაესწრნენ შეხვედრას, სადაც ანტისახელისუფლებო ბანერები იყო – ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას
„ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას და ეს უზომოდ დიდი მავნებლობაა,“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორში, ხელოვნების სახლის სოლიდარობისთვის ჩასულმა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დისკუსია საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი ბანერის ფონზე გამართეს.
„უნებლიედ, თუ განზრახვით მათ მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში, სადაც ანტისახელისუფლებო და რაც მთავარია შეურაცხმყოფელი განცხადებები, ბანერები იყო და რთულია პირდაპირ დავადანაშაულოთ ისინი, თუმცა თუ გავიხსენებთ როგორც გერმანიის ელჩის, ასევე რიგ შემთხვევებში საფრანგეთის ელჩის საკმაოდ არაკორექტულ, არა დიპლომატიურ გამოსვლებს და ჩართვებს პოლიტიკასთან დაკავშირებით, თავისთავად ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას და ეს უზომოდ დიდი მავნებლობაა“, – განაცხადა წილოსანმა.