“დათქმები, რომლებიც ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, საქართველოს სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა – ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ” – ლევან მაჭავარიანი
“დათქმები, რომლებიც ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობა და ჩვენ ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით – ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაცა დათქმები, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ, ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.
რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც, სტრასბურგშიც და შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.