საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება; მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაც დათქმები, რომლებიც ჩვენთვის არის მიუღებელი” – მაჭავარიანი
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი ბრიუსელში და სტრასბურგშიც, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება.
“საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაცა დათქმები, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ, ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას რისი დეფიციტიც სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. დღემდე ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ იყო 300 ათასი ხმის გაყალბება. აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს. იქ ვნახეთ ძალიან ბევრი გამომსვლელი, რომელიც უაპელაციოდ, ყველანაირი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე მაინც გვადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში და ჩვენგან ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. შესაბამისად, ჩვენ ფიზიკურად სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი. ჩვენ ვართ ღირსეული და თავმოყვარე ქვეყანა და გადავდგით ეს ნაბიჯი, ჩვენი სურვილით უარი ვუთხარით. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას „PACE-ში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.