როგორ ზრუნავს ჟვანიას სკოლა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე?

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში. ინოვაციური პროგრამებითა და მიზანმიმართული მიდგომით, იგი უზრუნველყოფს თანასწორობის პრინციპის დაცვას, საზოგადოების კონსოლიდაციასა და განათლების ხელმისაწვდომობას. სკოლის საქმიანობა ცხადყოფს, რომ განათლებას შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ინდივიდთა ცხოვრება, არამედ – ხელი შეუწყოს მთელი საზოგადოების ტრანსფორმაციას. ჟვანიას სკოლა 2006 წლიდანაა ჩართული ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში და ხელს უწყობს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურის ჩამოყალიბებას. მაინც როგორ ახერხებს ჟვანიას სკოლა დასახული მიზნების მიღწევას?

1. სახელმწიფო ენის სწავლება

სახელმწიფო ენის ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარების აუცილებელი პირობაა. 2024 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ენის სწავლებისა დ ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა 5525 ბენეფიციარი და დაკომპლექტდა 460 სასწავლო ჯგუფი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სწავლებისას გამოიყენება პროექტის ტიპის დავალებები, ინტერაქტიული სავარჯიშოები და გასვლითი გაკვეთილები, რაც ზრდის ბენეფიციართა მოტივაციას და ამარტივებს დასწავლას.

სახელმწიფო ენის კურსის გავლის შემდეგ, ბენეფიციარები სრულფასოვნად ერთვებიან როგორც სოციალურ, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ამასთან ერთად, ახერხებენ ენის ბარიერის დაძლევას და ამყარებენ მეგობრულ კავშირებს, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მათ ინტეგრაციას ერთიან, ეროვნულ სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

2. პროფესიული განათლების ხელშეწყობა

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლა გთავაზობთ დარგობრივი ლექსიკით გაჯერებულ სპეციალურ კურსებს 16 პროფესიული მიმართულებით. თავის მხრივ, თეორიული ცოდნის მიღება, პროფესიული ლექსიკის გაუმჯობესება და კომუნიკაციის უნარის გაძლიერება დასაქმების, ფინანსური დამოუკიდებლობისა და კარიერული წარმატების საწინდარია. აღსანიშნავია, რომ სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის გზით კი, ინერგება სიახლეები. ბენეფიციარებს უტარდებათ თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი ტრენინგები, შედეგად კი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ამყარებენ საკუთარ პოზიციებს შრომის ბაზარზე.

3. უმაღლესი განათლების ხელშეწყობა

სახელმწიფო ენის ფლობა წარმატებული სტუდენტობის წინაპირობაა. ჟვანიას სკოლაში B1.2 კურსის დასრულების შემდეგ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, აირჩიონ პრესტიჟული უნივერსიტეტი და სასურველი ფაკულტეტი; მიიღონ უმაღლესი განათლება და შექმნან მყარი საფუძველი წარმატებული კარიერისთვის. ეს პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაშიც.

4. რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა გადამზადება

საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით — სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი საუკუნეებია მშვიდობიანად თანაცხოვრობს მის ფარგლებში. დღესდღეობით სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს რელიგიური კონფესიების მხარდაჭერაზე. მათთვის სახელმწიფო ენის სწავლება ჟვანიას სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისიაა, რომელიც ემსახურება ტოლერანტული და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებას. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ზემოხსენებულ სამიზნე ჯგუფს სთავაზობს სპეციალურ ტრენინგებს, რათა ენის სწავლების გზით, უბიძგოს ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართულობისკენ.

5. საჯარო სამსახურში დასაქმება

სახელმწიფო ენის სწავლებით ზურაბ ჟვანიას სკოლა აქტიურად უწყობს ხელს ეთნიკური უმცირესობების საჯარო სამსახურში დასაქმებას. ენის ცოდნა არა მხოლოდ ამარტივებს მათთვის კომუნიკაციასა და საქმიან ურთიერთობებს, არამედ აძლევს შესაძლებლობას, შეითავსონ სხვადასხვა პოზიცია საჯარო სექტორში და ხარისხიანად მოემსახურონ საკუთარ თემებს. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინკლუზიურობას და ეთნიკური მრავალფეროვნების ინტეგრაციას სახელმწიფო სტრუქტურებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები