აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი – ქრისტიანული ცნების თანახმად, გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ მეზობელი, შემდეგ თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე
არსებობს ძველი სკოლა და სხვათა შორის, ვფიქრობ, ეს ძალიან ქრისტიანული ცნებაა: გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ გიყვართ მეზობელი, შემდეგ გიყვართ თქვენს გარშემო საზოგადოება, შემდეგ გიყვართ თქვენსავე ქვეყანაში მცხოვრები თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მემარცხენეების დიდმა ნაწილმა აღნიშნული კონცეფცია მთლიანად შეცვალა, ვინაიდან ჩანს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები სძულთ და სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ ხალხზე უფრო ზრუნავენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მმართველობაში მნიშვნელოვანი განსხვავება შემოიტანა, რაც გულისხმობს ამერიკის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაყენებას პირველ ადგილზე.
„ულტრამემარცხენეების დიდმა ნაწილმა ეს მთლიანად შეცვალა. როგორც ჩანს, მათ სძულთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები და უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ საზღვრებს გარეთ მყოფ ადამიანებზე. საზოგადოება ასე არ იმართება. ვფიქრობ, დიდი განსხვავებაა, რაც დონალდ ტრამპმა ამ ქვეყნის მმართველობაში შემოიტანა, არის მარტივი კონცეფცია – ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვა გძულს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ლიდერობა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიო იყო ამ საკითხში, რაც პირველ ადგილზე ამერიკის მოქალაქეების ინტერესების დაყენებას გულისხმობს. ისევე, როგორც უნდა ზრუნავდეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიტანელებზე და ფრანგი – ფრანგებზე, ჩვენ გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს პირველ რიგში ამერიკელებზე და ეს ძალიან მისასალმებელი ცვლილებაა. სი ძინ პინი ჩინელებზე ზრუნავს, პუტინი კი – რუსებზე. ეს არის მათი მოვალეობა. მადლობა ღმერთს, ჩვენ ახლა გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე.“ – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.