“საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული” – მაკა ბოჭორიშვილი

“საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული, რასაც მდიდარი შინაარსი აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ერევანში.

“დიდ მადლობას ვუხდი ბატონ მინისტრს, არარატ მირზოიანს მასპინძლობისთვის. ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს მდიდარი შინაარსი, რაც გამოიხატება ორ ქვეყანას შორის ყველა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაში. სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. ასევე, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც. სომხეთის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხშირ სტუმრებს შორის, მესამე ადგილზე არიან. დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ჩვენი თანამშრომლობა ფართოა, მაგრამ ყოველთვის არის მეტის მიღწევა შესაძლებელი. მიხარია, რომ მე და ჩემს კოლეგას გვაერთიანებს სურვილი, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის გაღრმავებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები