“გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით” – ივანე ჩხაიძე

“გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით – თუ პედიატრიულ სტაციონარებს გადავხედავთ, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აქვს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის განმარტებით, დღეს ქვეყანაში 10-ზე მეტი, სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

„დღეს ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი. მოცირკულირე ვირუსებს შორის ყველაზე მძიმეა გრიპი.

გართულებებით მიმდინარეობა ყველაზე მეტად გრიპს ახასიათებს, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ ყოველ კვირეულად გრიპის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. პრაქტიკულად, ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადების უკან გრიპის ვირუსი დგას.

გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. ასევე მაღალია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება. შედარებით ცოტა არის H3 ტიპის ვირუსი. ყველამ, ვინც გაიკეთა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, ამ ვაქცინის შემადგენლობაში 2 იყო A ტიპის ვირუსი, კერძოდ H1 და H3, ხოლო 2 „ბე“ ტიპის ვირუსი. ზუსტად დაემთხვა ვაქცინების შემადგენლობა იმ ვირუსების ცირკულაციას, რაც ქვეყანაშია. ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებში, ვინც აცრა გაიკეთა, ვაქცინა მაღალეფექტური იქნება, დაცვის ხარისხი და გართულებების თავიდან აცილების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება”, – განმარტა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები