გელა ნიკოლაიშვილი: ჯაშუშების ადგილი არის არა პოლიტიკაში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
“ჯაშუშების ადგილი არის არა პოლიტიკაში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს არის სამართლის უზენაესობის უპირობო მოთხოვნა. ამ პრინციპის დაცვის გარეშე, საქართველო ვერასოდეს ვერ შედგება, როგორც სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო გამართული პოლიტიკური სისტემით”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა გელა ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ამზადებს საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიტანენ.
„ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, გრძელვადიან რეჟიმში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სრულად განთავისუფლდება ჯაშუშებისგან და მასში მხოლოდ ეროვნული, საკუთარი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი“, – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.