თორნიკე მოლაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ხალხს მოეწონა ეს იდეა და მხარს უჭერს
“ამ ინიციატივას მე მილოცავენ მოქალაქეები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ხალხს მოეწონა ეს იდეა და მხარს უჭერს”, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
„ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ. კერძო დანაშაულებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია, აღარ ჩამოვთვლი, რა აქვთ გაკეთებული. მოვუწოდებ ახალგაზრდობას, გთხოვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, რა უბედურების მომტანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, რა სისხლის ღვრა და რა ცრემლების ღვრა იყო საქართველოში. ვიღაცების გვარები რომ ჩამოვთვალოთ, 1000 კაცი რომ ვთქვათ, კიდევ 10 000 გამოგვრჩება, 10 000 რომ ვთქვათ, მინიმუმ კიდევ 10 000 გამოგვრჩება, ვერ ჩამოთვლი, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი. რამდენი ადამიანი საერთოდ უკვალოდ დაიკარგა“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.