ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება და საქართველოს ბედი, ზოგადად, უნდა იყოს რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე დამოკიდებული, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი ძალა იყოს ეს
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება და საქართველოს ბედი, ზოგადად, უნდა იყოს რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე დამოკიდებული, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი ძალა იყოს ეს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის საკითხზე და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ კუთხით ოპოზიციის სკეპტიკურ განწყობებზე ისაუბრა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება და საქართველოს ბედი, ზოგადად, უნდა იყოს რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე დამოკიდებული, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი ძალა იყოს ეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ნაწილი ვართ და ბუნებრივია, მსოფლიო საზოგადოებასთან ჰარმონიულად უნდა ვცხოვრობდეთ. ეს ჩვეულებრივი ჭეშმარიტებაა. მაგრამ, როდესაც შენგან ითხოვენ ისეთს, რაც შენ განადგურებას გამოიწვევს, ამ დროს შენ შენი პირადი კეთილდღეობა კი არა, ქვეყნისა და სახელმწიფოს, მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა დააყენო წინ.
რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, არ ნიშნავს, რომ ის კონცენტრირებული იქნება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. სრულებითაც არა! შემსუბუქდება წნეხი იქიდან გამომდინარე, რომ მას მიდგომა, ზოგადად, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სხვა აქვს, ვიდრე აქამდე მოქმედ ადმინისტრაციას და ამ ადმინისტრაციის ზეგავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ჰქონდათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.