ირაკლი ქადაგიშვილი – კომისიის შექმნაზე: ეს იქნება პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და თავიდან ბოლომდე საკონსტიტუციო, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული
ეს იქნება პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და თავიდან ბოლომდე საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანი არ გახლავთ რაიმეზე ისეთი ტიპის შეტევის განხორციელება, რა სტრატეგიითაც მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“.
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ალბათ კიდევ უფრო ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ. მათ შორის, ის საკითხი, რომ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლასთან დაკავშირებით.
აქ ხაზგასმით აღვნიშნავ მე ერთ რამეს, რომ ეს იქნება პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და თავიდან ბოლომდე საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული. ჩვენი მიზანი არ გახლავთ რაიმეზე ისეთი ტიპის შეტევის განხორციელება, რა ტიპითაც თუ რა, ასე ვთქვათ, ტაქტიკით, სტრატეგიით მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე და სამართლებრივად სრულად უზრუნველყოფილი პროცესი.
რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამას. 2012 წლის შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ საზოგადოებაში რეალურად დაიწყო ნამდვილი დემოკრატიული და თავისუფალი არა მარტო ინსტიტუტების, არამედ, პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების მშენებლობა. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ხელისუფლება არ შეეხო არცერთ პოლიტიკურ პარტიას. მეორე, ხელისუფლება არ შეეხო არცერთ იმ მედიას, რომელი მედიასაშუალებაც, ეს ტელევიზია იქნებოდა თუ სხვა საშუალება, სხვადასხვა ოპოზიციურ თუ სხვადასხვა პოლიტიკურ გემოვნებას გამოხატავდა.
მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარეობდა ბრძოლა თვითონ მედიასაშუალებების მფლობელებს შორის, ისიც, მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ასპექტში. ეს სტრასბურგის სასამართლოს მიერაც იყო დადასტურებული. ხელისუფლებამ საშუალება მისცა, ეს იყო ყველაზე დიდი, უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალი ყოფილიყო, მათ შორის, მისი პოლიტიკური ინტერესების ღიად გამოხატვაში, პოლიტიკაში ჩართვაში, მედიის დაფინანსებაში, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში.
ეს ყველაფერი მიეცა საზოგადოებას და პირველ რიგში, ამ პოლიტიკურ აქტორებს, რომ ეს სიკეთეები ამ თავისუფლებისა და დემოკრატიისა, გამოეყენებინათ. ჩვენ რა ვნახეთ რეალურად ამ პერიოდში. ამ პერიოდში ვნახეთ მედიის რეკეტი და მიტაცება, ჩვენ ამ პერიოდში ვნახეთ ყველა არჩევნების შედეგების უგულებელყოფა ყოველგვარი სამართლებრივი, ყოველგვარი მტკიცებულების, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე და მუდმივი რყევა სახელმწიფოსი, მუდმივი მცდელობა, რომ საქართველოს სახელი გაუტეხონ ქვეყნის შიგნითაც და რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთაც საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.