ბოლნისის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ნახიდურში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული 10 პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება დატოვა
სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა – ამის შესახებ განცხადებას ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ ხელმძღვანელი, ოთარ ქებაძე აკეთებს.
როგორც ქებაძე აღნიშნავს, კლინიკაში მყოფ პაციენტებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
„შემოიყვანეს ათი პაციენტი, აქედან, ორი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, რვა კი გაეწერა. ისინი სხვადასხვა ტრავმით გაეწერნენ და შემდგომი ამბულატორიული მკურნალობის რეკომენდაცია მიეცათ. ერთი [საავადმყოფოში მყოფი პაციენტი] გადაყვანილია პალატაში, მეორე ჯერჯერობით, დაკვირვების დარბაზში იმყოფება და ცოტა ხანში მასაც გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ, რჩებიან სამკურნალოდ“, – განაცხადა ოთარ ქებაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემდგომ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და ამასთან, დაშავდა რვა მოქალაქე.
შსს-ს ინფორმაციითვე, დაპირისპირება მოხდა როგორც შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
უწყების ცნობითვე, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.