დაიბადა თბილისში, რეპრესირებული მწერლის და ექიმის – შალვა მჭედლიშვილის ოჯახში. ლამაზ მოგონებად დარჩა ბავშვობა თბილისსა და ანაგაში, სადაც მამას ყოველ შაბათ-კვირას მიჰყავდა შვილები… მამაპაპისეულ კერას აზიარებდა, მიწის და ბუნების სიყვარულს შთააგონებდა… ექიმობაც და ადამიანებზე ზრუნვაც მამამ შეაყვარა.
მართალია, ისე მოხდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწია სამუშაოდ წასვლა, მაგრამ მისი ფიქრი და გული სამშობლო და ფესვებია, რომელსაც, სამომავლოდ, დაუბრუნდება. – ექიმ მაია მჭედლიშვილის პერსონა.
– რეპრესირებული პოეტის და ექიმის, შალვა მჭედლიშვილის ოჯახში დაიბადეთ… ბავშვობის დღეები…
– ამ შეკითხვამ ბავშვობაში დამაბრუნა. ცხოვრება ისე სწრაფად მიედინება დროც არ გვაქვს ბავშვობაში დასაბრუნებლად. არადა ყველაზე ზღაპრული და ჯადოსნური ჩემი ბავშვობა იყო. სიცოცხლით და სიყვარულით სავსე. დედ-მამა – ორივე ერთმანეთზე უფრო მეტად ენერგიული და ხალისიანი, იუმორით სავსე. მამას ქიზიყური იუმორით სავსე იყო. მისი მონათხრობი ამბები შეგეძლო დაგენახა, იმდენად სასწაული დაწვრილებით გადმოსცემდა. რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ჩვენთვის დროს ყოველთვის გამონახავდა. ბევრს მუშაობდა, პატიოსანი ექიმის ხელფასით ძნელი იყო ოჯახის შენახვა. თავისი წამლებით მიდიოდა ავადმყოფთან.
ღამე ხშირად აკითხავდნენ ავადმყოფები და ფეხით მიჰყვებოდა, უარს არავის ეუბნებოდა. მით უმეტეს, რომ პროვოკაციის საფრთხის ქვეშ იყო ჩვენი ოჯახი იმ დროინდელი რეჟიმის მხრიდან, რისკავდა. დღესაც ახსოვთ და უყვართ მამა. სახელი ჰქონდა გავარდნილი, მკვდრებს აცოცხლებსო. მაგასთან დაკავშირებით კურიოზიც მოხდა.
შაბათ-კვირა მივყავდით ყველგან. როგორ კარგად მახსოვს ჩეხური ატრაქციონები, ფუნიკულიორი, მთაწმინდის პანთეონში გამოვივლიდით. კინოთეატრ „გაზაფხულში“ მივყავდით ხშირად. ანაგაში ყოფნა უზომოდ მიყვარდა – მამას იქ უფრო ხშირად ვნახულობდი. ჩვენ თბილისში ვსწავლობდით და მამა რაიონში მუშაობდა. პატარაობაში ორ წლამდე არ ვეკარებოდი თურმე. როდესაც მოდიოდა სახლში, მე მეძინა, მიდიოდა დილით, მეძინა. ასე ვუთხარი, მეგონა მარტო დედა მყავდა და ეს ვიღააო. არ ვამატებ არაფერს.
ბოდბის ბაზრობიდან ხან ბაჭიები მოჰყავდა, ხან – პატარა გოჭები, გაუშვებდა სახლში და იყო ერთი ამბავი, ჟრიამული. გურჯაანში ექიმთა სახლში გვქონდა გამოყოფილი საცხოვრებელი და გაზაფხულზე მივდიოდით იების საკრეფად, ძალიან ლამაზი ნაძვნარი იყო. დედასთვის ვკრეფდით და მოგვქონდა. მთელი ცხოვრება ტრადიცია იყო – მამას მოჰქონდა ყოჩივარდები, იები, დაგვირიგებდა. ღამე მამა ზღაპრად თავისი ცხოვრებიდან გვიყვებოდა ამბებს. ოჯახში ტაბუდადებული თემა არ არსებობდა. ყველაფერს დეტალურად ჰყვებოდა – ყველასა და ყველაფერზე.

– პროფესიად მედიცინა აირჩიეთ… როგორც მამამ…
– მამა ამბობდა, ექიმი და მედიცინის მუშაკი ღმერთისგან შთაგონებული პროფესიააო. მართლაც, ვხედავდი, როგორ ზრუნავდა ადამიანებზე. მისგან ვისწავლე სიყვარული. ჩემთვის ჩემი მშობლები ჩემი როლმოდელები არიან. თუმცა მე იურისტობა მინდოდა თავიდან, მაგრამ ვიცოდი, კატორღელის შვილისთვის გზის გაკვალვა ადვილი არ იყო არცერთ პროფესიაში. მით უმეტეს – ძალოვან სტრუქტურებში.
– შვილის თვალით დანახული მამა…
– სასწაული ადამიანი იყო – ბრძენი, ღრმად მოაზროვნე, თითქოს წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული. რასაც იტყოდა, ისეთი სიზუსტით ახდებოდა, რომ ზოგჯერ გვეგონა, დროის მიღმა ხედავდა. ჩვენ გვერდით ყოფნა უყვარდა. ოჯახში თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. სრული სერიოზულობით ვამბობ – სამივე შვილს თანაბრად, სიყვარულით, მაგრამ გამჭრიახად და დაბალანსებულად გვზრდიდა. არასოდეს არაფერს გვახვევდა თავს ძალით – ყოველთვის ინტერესდებოდა ჩვენი აზრით, გვიკითხავდა, გვისმენდა და გვეკითხებოდა: თქვენ რას ფიქრობთ?
უზომოდ უყვარდა სამშობლო – უანგაროდ, თავდავიწყებით. ასეთ სიყვარულს იშვიათად თუ ნახავთ. შინაგანად კეთილშობილი, მოწესრიგებული, დისციპლინისა და სიტყვის კაცი იყო. ნამდვილ მოწოდებად მწერლობას მიიჩნევდა და ეს ყველას გვესმოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მითხრა, რომ მის ლექსებში სიყვარული მხოლოდ ერთ მიზანს – საქართველოს ეკუთვნოდა.
ექიმობამ გადაარჩინა, მაგრამ გული ყოველთვის ლიტერატურისკენ მიუწევდა. ახალგაზრდებზე ხშირად საუბრობდა – როგორ უყვარდა ახალგაზრდა მწერლები, როგორი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა მათი ნიჭზე და როგორ უხაროდა პოეზიის საღამოებზე მათთან ყოფნა ბავშვივით, მართლა უნდა გენახათ. ასე მეუბნეოდა: „მაკ, იცი, რა ცეცხლოვანები არიან, იცი, რა ნიჭიერები“…
ის სახე არ მავიწყდება… არანაირი დრო არ მეყოფა, რომ სრულად გადმოვცე, ვინ იყო მამაჩემი. ის იყო თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე, და ჩემთვის პირადად – პატიოსნების, თავგანწირვის, და სამშობლოსადმი უღალატო სიყვარულის სახე. სიკვდილის წინ მითხრა: თუ თავიდან დავიბადები, ისევ იმ გზას ავირჩევ – ეკლიანს, წამებულს, მაგრამ სამშობლოსთვის.
ეს იყო შალვა მჭედლიშვილი – ჩვენს ოჯახშიც ღირსეული მამა, მამულიშვილი და დიდი ადამიანი. დაბოლოს, ერთდროულად ტკივილით, თუმცა არა სინანულით (რადგან ქვეყნის თავისუფლებას ემსახურა) – თქვა: ჩემმა კატორღელობამ ჩემს შვილიშვილებსაც კი უწიაო…

– შალვა მჭედლიშვილის და ანა კალანდაძის ურთიერთობაზე ინტერნეტში ბევრი უზუსტობა ვრცელდება… მამა თუ ახსენებდა ანას სახლში?
– ბოლო დროს ბევრი რამ დაიწერა მამაზე – ზოგი გულწრფელად, ზოგი კი უბრალოდ სიტყვებისთვის. არ მინდა ვინმეს დავაბრალო რაიმე, მაგრამ სიმართლის გარეშე წერა მძიმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ასეთ ადამიანთან გაქვს. ამიტომ ყველას, ვინც მომავალში რამეს დაწერს, ვთხოვ: თუ არ იცით – ნუ დაწერთ, ან გადაამოწმეთ.
ჩუმად, თავმდაბლად ამბობდა: „კაცი ვარ და ზედმეტი არ შემშვენის“. ამ სიმშვიდეში იმდენი ღირსება, სიდინჯე და შინაგანი სიძლიერე იყო, რომ ზოგჯერ სიტყვებზე მეტად სწორედ ეს სიჩუმე ამბობდა ყველაფერს. მეც ვცემ პატივს მის ამ მიდგომას. შეიძლება ოდესმე გადავწყვიტო და მეტი ვთქვა. მაგრამ ახლა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი:
მიუხედავად იმისა, რომ მამა კატორღელი იყო, პოლიტპატიმარი, მუდმივად იდევნებოდა, იმდროინდელი რეჟიმის წნეხის და დევნის ქვეშ იმყოფებოდა, იბლოკებოდა მისი ნაწერები ყველა ეტაპზე, ამ ყველაფრის ფონზე – ანამ მაინც გაბედა და შექმნა ოჯახი. ეს ადვილი ნაბიჯი არ იყო. თუმცა ყველა ვერ უძლებს ასეთ ჯოჯოხეთურ წნეხს, ალბათ ბევრს უბრალოდ არ ყოფნის ძალა. სამშობლოსთვის თავგანწირვა ერთეულების ხვედრია.
– ანა კალანდაძე და შალვა მჭედლიშვილი დაშორდნენ… ბატონმა შალვამ მეორედ იქორწინა ეთერ არაბულზე…

– დედა და მამა ერთმანეთს გაგრაში შეხვდნენ. მამა ექიმად მუშაობდა. ხშირად ამბობდა – ისეთი ლამაზი იყო, როცა ერთად დავდიოდით, ყველას თვალი მხოლოდ მასზე ეჭირაო. მისი სილამაზე მხოლოდ გარეგნობით არ შემოიფარგლებოდა – გონებაც გამორჩეული ჰქონდა. იმხანად პუშკინის ინსტიტუტი, დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, წარმატებით დაამთავრა.
ამასთან ერთად, გაიარა დეფექტოლოგიის სამწლიანი კურსის და, გავლის შემდეგ, მუშაობდა თბილისის პირველ დამხმარე სკოლაში, სადაც განსაკუთრებული სითბოთი ევლებოდა ბავშვებს. მამას გაუმართლა – თავისი ოცნების ოჯახი შექმნა ისეთ ქალთან ერთად, ვისზეც ყოველთვის ოცნებობდა. ყოველთვის ამბობდა: ერთადერთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში დედათქვენიაო. დედა მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო – სწორედ მისი წყალობით მამა სიცოცხლის ბოლომდე არ შეშვებია წერას. ის იყო მამას შთაგონება, მუზა და ყველაზე მტკიცე საყრდენი.
დედა საოცრად თავდადებული და ერთგული ქალი გახლდათ. ჭეშმარიტი სახე ქართველი ქალისა – გონიერი, განათლებული, სათნო და სიყვარულით სავსე. მისი კეთილშობილება და ადამიანურობა ყველას ახსოვს – გულღია, კომუნიკაბელური და კეთილი. კლასელები და ინსტიტუტის მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ მის გარშემო. ყველას უყვარდა. მის ღიმილს შეეძლო, გაენათებინა დღე – სითბოსა და სინათლეს აფრქვევდა ირგვლივ. დედა იყო ქართველი ქალის ჭეშმარიტი სახე, ქალი, რომელმაც სიყვარულით შექმნა ოჯახი, მისცა ქმარს ამ ცხოვრების იმედი და შვილებს ღირსეული ცხოვრების გზა გაუკვალა.

– როგორ მუშაობდა შალვა მჭედლიშვილი? როგორ იწერებოდა მისი ლექსები, პროზაული თხზულებები?
– მამა ბავშვობიდან მახსოვს – თავის საწერ მაგიდასთან. თუ არ იყო სამსახურში, გვიანობამდე იჯდა იქ: ან წერდა, ან კითხულობდა. რაც არ უნდა მეთქვა, თუ რამე არ ვიცოდი, ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – მამასთან რომ მივსულიყავი, პასუხი აუცილებლად მექნებოდა.
ყველაზე მეტად ახალი წიგნის ყიდვა უხაროდა – ბავშვივით უხაროდა. ეს სიხარული მეც გადმომედო. სულ რაღაცას წერდა, სულ ფურცლებთან იყო. მთელი ოჯახი ვხვდებოდით, რომ მამას საწერი მაგიდა ხელშეუხებელი სივრცე იყო – მისი ტაძარი. ბევრს ლოცულობდა. ხატები, ბიბლია და სანთელი შანდალზე – ეს იყო მისი განუყრელი სამება. ყოველთვის პირველ რიგში სამშობლოს ავედრებდა ლოცვაში – შემდეგ ხალხს და ოჯახს. დედამ რომ საბეჭდი მანქანა აჩუქა, თავის ლექსებს თვითონ ბეჭდავდა. 90-იანების უშუქობასა და სიცივეში, სიბნელეში, ჭრაქის შუქზე, კითხულობდა და წერდა. ამბობდა, მწერლისთვის აუცილებელია მუდმივი სულიერი და ინტელექტუალური ზრდაო. მიყვარს მამის ეს იმიჯი, რომელიც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამყვება – საწერ მაგიდასთან, სანთლის შუქზე, სიბნელეში პირჯვარს რომ იწერდა და ლოცულობდა. როცა გამოძიებაში ჰკითხეს: „ვინ ჩაგაგონა, ბიჭო, ეს რა ლექსებია, დასახვრეტი ხარ, აბა რაო!” – მშვიდად უპასუხა: „უფალმა ჩამაგონა“.
მამის შემოქმედება უფლის შთაგონებით და სისხლითაა დაწერილი – ყოველი სტრიქონი სამშობლოს სიყვარულით, ტკივილითა და რწმენით არის გამთბარი. ეს არის ის ხატი, რომელიც ჩემთან დარჩება – მამა, სანთლის შუქზე, ღამით, სიჩუმეში, პირჯვარს რომ იწერს და სამშობლოსა და რწმენას ლექსად აქცევს.

შვილები: მაია, ნინო, ზაზა.
– ამჟამად ამერიკაში ცხოვრობთ, სამშობლოსგან მოშორებით გიწევთ ყოფნა და მუშაობა…
– საქართველოდან წასვლა ჩემი ოცნება არ იყო. ის საჭიროება იყო – გამოწვეული იმით, რომ საკუთარ ქვეყანაში პროფესია ხშირად არ ასახავს იმ ღირებულებას, რაც მას სინამდვილეში აქვს. ექიმს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგას, უნდა ჰქონდეს ის დაფასება, რაც მის შრომას ეკუთვნის – და ეს დაფასება მხოლოდ მადლობის სიტყვა კი არა, მატერიალურ უზრუნველყოფაშიც უნდა გამოიხატოს. ეს იყო თვითგადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა. არანაირი შეოსავლის წყარო არ არსებობდა. სანამ წავიდოდი, ბევრი საავადმყოფო მოვიარე. სამწუხაროა, ახალგაზრდა ოჯახებით რომ მიდიან ემიგრაციაში. ეს ეროვნული ტრაგედიაა.
როცა ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვას შენ გაკისრებს, როცა შენს ხელშია სიცოცხლე და მისი მომავალიც კი – ის ადამიანი, ვინც ამას ყოველდღე აკეთებს, არ უნდა გახდეს იძულებული, უცხო მიწაზე ეძებოს უკეთესი ხვალინდელი დღე. მინდა, რომ ჩვენს ქვეყანას არ უწევდეს საკუთარი პროფესიონალების სხვისთვის გაზრდა. მინდა, რომ ყველა პროფესიაში ადამიანებს საქართველოში ჰქონდეთ იმხელა სტაბილურობა და მხარდაჭერა, რომ არ წავიდნენ. ან დარჩნენ, იშრომონ იმავე ენაზე, რაც ძვალში და რბილში გაქვს გამჯდარი, და ემსახურონ იმ ხალხს, ვისთანაც მათი ისტორია იწყება. ეს მარტო ხელფასზე არ არის – ეს ღირსებაზეცაა.
და მე მჯერა, რომ ერთ დღეს ქართველ ექიმს საკუთარი სამშობლოც დაუფასებს ისე, როგორც იმსახურებს.
ემიგრაციაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის სირთულეებით არის სავსე, თუმცა აქ ხალხის სითბომ და თანადგომამ ეს ტვირთი შემიმსუბუქა. გამიმართლა – ყოველ ეტაპზე გვერდით მყავდა გულწრფელი და კეთილი ადამიანები. ახლა ვაგრძელებ სწავლას სამედიცინო კვლევით სფეროში . ოჯახი, შვილები და სწავლა ერთად დიდ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს.
– თქვენი და-ძმაც უცხოეთში არიან. გულდასაწყვეტია, რომ შალვა მჭედლიშვილის ოჯახის ყველა წევრმა დატოვა სამშობლო…
– მართალია, ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო – ქვეყანა დაგვეტოვებინა, განსაკუთრებით იმ პატრიოტული სულისკვეთებით გაზრდილებისთვის, როგორებიც ვართ ჩვენ. მაგრამ, როცა საქმე ოჯახის გადარჩენას ეხება, ხანდახან ასეთ მტკივნეულ ნაბიჯებსაც ვდგამთ. თუმცა, გული სამშობლოში დარჩა.
ყოველდღე, ფიქრით და გულით ვბრუნდები იქ, სადაც ჩემი ფესვები, ჩემი წარსული და სულია. ჩემი სამშობლო არა მარტო მიწაა ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი იდენტობაა. მჯერა, რომ აქედან უფრო ამ ეტამზე შემიძლია ვემსახურო ჩემს ქვეყანას – სუფთა სინდისით, შრომით, ღირსებით. ვიცი, რომ სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოს სახეს ჩემში ხედავენ. და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მჯერა ყველა ქართველი ემიგრანტის ოცნება დაბრუნებაა. ჩვენთვის მასეა ნამდვილად.

– ოჯახი…
– რა ბედნიერებაა, როცა ცხოვრებაში ასეთი განძი გაქვს – ძლიერი და სითბოთი სავსე ოჯახი. გამიმართლა, რომ გვერდით მყავს მეუღლე, რომელიც ჩემი სიმტკიცე და ცხოვრების თანამგზავრია, – და ორი შვილი, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს უნივერსიტეტი. ისინი სავსენი არიან მიზნებით, ოცნებებითა და სურვილით, რომ კარიერული გზა ღირსეულად განაგრძონ და საკუთარი თავი კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებზე იხილონ. მეამაყება მათი ძალა, სიბრძნე და სწრაფვა განვითარებისთვის.
– ჰობი…
– მოგზაურობა – ეს არის გზა, რომ სამყაროს მრავალფეროვნება შევიგრძნო. ყოველი ახალი ადგილი ჩემში ახალ შთაგონებას აღვიძებს, მანვითარებს და მჩუქნის დაუვიწყარ ემოციებს.
– სამომავლოდ დაბრუნებას, იმედია, აპირებთ?
– დღე არ გავა ისე, რომ არ ვიფიქრო იმ დღეზე როდესაც ყველაფერი თავის ადგილს იპოვის, როდესაც ოცნებად ქცეული ფიქრები არ გაიფანტება ამაოდ და დავბრუნდები იქ, სადაც ჩემი ფესვებია – საქართველო.
სამომავლოდ რას ვფიქრობ? მჯერა, არავის ეჭვიც კი არ ეპარება, რამდენად გვენატრება ჩვენი ბავშვობის ქუჩები, გაზაფხულის მზიანი ნათელი დღე, თავისი სურნელით, თბილისში. დაბრუნება ოცნებად არ უნდა დარჩეს. ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მომავალი ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის – ეს ყველას მიზნად უნდა იქცეს.
თამარ შაიშმელაშვილი