ავიაკატასტროფის მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს – ყაზახეთის ვიცე-პრემიერი
აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, – ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.
„თავდაპირველი მიზეზის დადგენაც კი შეუძლებელია, რადგან ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, ჩაატარებენ სამუშაოებს და მაშინ გახდება ნათელი, რა მოხდა რეალურად. ახლა ვერაფერს ვიტყვი,“ – განაცხადა მან.
ერთადერთი, რაც მედიაში ოფიციალურად დასტურდება, არის ის, რომ გროზნოში, მისი დანიშნულების ადგილას, ძლიერი ნისლის გამო თვითმფრინავს თავდაპირველი მარშრუტიდან გადახვევა და ავარიული დაშვება მოუწია.
„ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, AZAL-ის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს მარშრუტზე დაფრინავდა, ამინდის გაუარესების გამო კურსი შეიცვალა და დაიწყო ფრენა აქთაუს აეროპორტისკენ, სადაც დაშვებისას ავარია მოხდა. თუმცა, ავარიის მიზეზები ჩვენთვის ჯერ უცნობია”,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და რუსეთის ხელისუფლება ავარიულ დაშვებას იძიებს.
„საგამოძიებო ჯგუფი, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილის ხელმძღვანელობით, გაგზავნილია ყაზახეთში და მუშაობს კატასტროფის ადგილზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, ყაზახეთმა ჩამოაყალიბა სამთავრობო კომისია, რათა გამოიკვლიოს კატასტროფის მიზეზი და უზრუნველყოს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების საჭირო დახმარება.