ვოლსკი – დიალოგზე: თუკი საზოგადოებაში წარმოიშვება საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით
“თუკი საზოგადოებაში წარმოიშობა ამ საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ვოლსკი დიალოგთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას.
ვოლსკის თქმით, ქვეყანას დამშვიდება სჭირდება.
„ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს. [ოპოზიციის ]გეგმა არის, რომ ძალის გამოყენებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, შეწირონ ამას ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, დააზიანონ სახელმწიფო სტრუქტურები, მოახდინონ ძალოვანი და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია, გაიტანონ საქართველოს სახელი საჯიჯგნად და სათელად. ამ გეგმაში ახალი არაფერია, რომელსაც ჰქვია „შეთქმულება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“. რა შეიძლება საერთო სასაუბრო გვქონდეს ამ ადამიანებთან, თუკი საზოგადოებაში წარმოიშობა ამ საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით. მაგრამ ასეთი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.