“ჩვენი ოპონენტები, რომლებიც არაერთხელ ილაშქრებდნენ საკუთარი სამშობლოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას” – მარიამ ლაშხი

“ჩვენი ოპონენტები, რომლებიც არაერთხელ ილაშქრებდნენ საკუთარი სამშობლოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც გვახსოვს, ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფომ ვიზალიბერალიზაციამდე პირველი ხელშეკრულება, რაც ვიზებთან დაკავშირებით გააკეთა, ეს იყო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო პროცედურების გამარტივება.

“აქ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ის, რომ ვიზალიბერალიზაცია არის სხვა და დღევანდელი გადაწყვეტილებით, რაც არის დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვა ეს არის სხვა გადაწყვეტილება. ამას ორი სამართლებრივად განსხვავებული პროცედურა და განსხვავებული ინსტიტუციური დატვირთვა აქვს, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ ვიზალიბერალიზაციამდე პირველი ხელშეკრულება, რაც ვიზებთან დაკავშირებით გააკეთა ეს იყო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო პროცედურების გამარტივება, უვიზო მიმოსვლა და გაცილებით ადრე იყო ეს პროცედურები. შემდგომ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაცია. ამიტომ, ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუციური და სამართლებრივი პროცედურა არის. ამასთან ერთად, უნდა ვნახოთ, რომ რეზოლუციაში ჩანაწერი გაკეთდა პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი სამართლებრივი პროცედურები და თავისი ბიუროკრატია. ეს არ არის ხუთი დღის თუ ორი თვის საქმე, ამას მოჰყვება თავისი სამართლებრივი პროცედურები, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს საფუძვლები, რის მიხედვითაც ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამოტანა, შემდგომ უნდა იმსჯელოს წევრმა სახელმწიფოებმა და კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც არის 14 ქვეყანა. ანუ, ამ წევრი ქვეყნების მოსახლეობის 65%-ზე მეტი წარმომადგენლის გადაწყვეტილება უნდა იქნეს და ძალიან კარგად იციან გადაწყვეტილების მიმღებებმაც, რომ ეს საბოლოო ჯამში ვერ გავა დანიშნულების ადგილამდე, ვინაიდან სწორედ იმ კვალიფიციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რადგან არც კონკრეტული საფუძველი ექნება ამას და, შესაბამისად, ესეც განიცდის ერთგვარ ფიასკოს”, – განმარტა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები