გიორგი კალანდარიშვილი: პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა – ვერავინ იტყვის იმას, რომ რომელიმე ნაწილში, რომელიმე აქტივობაში კანონი დაირღვა
“პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა. ვერავინ იტყვის იმას, რომ რომელიმე ნაწილში, რომელიმე აქტივობაში კანონი დაირღვა”, – ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა თვლის თუ არა ის, რომ არალეგიტიმურ პროცესში მიიღო მონაწილეობა, ვინაიდან არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მისთვის სახელმძღვანელო არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები და არა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური აქტორების პოზიციები.
„რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს და პოლიტიკურ პროცესს, ეს არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანს. მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ჩართული მხარეების შეფასებები სხვადასხვა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შევაფასოთ. ჩვენთვის არის სახელმძღვანელო საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების დოკუმენტები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც არჩევნების ტექნიკურად კარგად შესრულებაზე და კარგად ადმინისტრირებაზე არის საუბარი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.