ვატო შაქარიშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლინება
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
როგორც ისინი ამბობენ, ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლინება მიაჩნიათ.
“ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლინება და მათი საქმიანობის გამოძიება და მთლიანად პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა.
ამ მიზნისთვის, ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი მასალები იმ საჯარო განცხადებათა და მოქმედებათა ჯაჭვის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც ქვეყანაში ჩადიოდა ოპოზიციად წოდებული 4 პარტია და მათი თანამზრახველები და რომელიც მთლიანად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავით გათვალისწინებულ მუხლებს. რაც გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა ერთობლიობას. ეს არის რამდენიმე მუხლი, სისხლის სამართლის დაახლოებით 7 მუხლი, რომელთა მიზნობრიობასაც შეიძლება შეესაბამებოდეს იმ დანაშაულებათა ერთობლიობა, ის მოქმედებათა ჯაჭვი, რომელსაც წლების განმავლობაში 4 ოპოზიციურ პარტიად წოდებული ორგანიზაციები, ანუ ჯაშუშური ქსელი ჩადიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,” – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის ”ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.