პაატა სალია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენ გვეცოდინება, რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა
“გარკვეულწილად, არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა საზოგადოებაში, რომლებსაც არ ახსოვთ ის სასტიკი რეჟიმი, რომელიც მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანზე.
„საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახოს და უკვე დოკუმენტურად დასკვნის სახით იხილოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ჩადენილი იყო წინა ხელისუფლების მხრიდან და მას შემდგომ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები მოჰყვეს. გარკვეულწილად, არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა საზოგადოებაში, რომლებსაც არ ახსოვთ ის სასტიკი რეჟიმი, რომელიც მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში.
ჩვენ გვეცოდინება, რა იყო ის პრობლემები, რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული მსგავსი მოქმედებები და ის ადამიანები, რომლებიც მომავალი ამომრჩევლები არიან და მონაწილეობას მიიღებენ უკვე შემდგომ არჩევნებში, გათვითცნობიერებულები იყვნენ, თუ ვინ ცდილობს, რა ძალა ცდილობს ამ დემოკრატიის მანტიით ხელახლა დაბრუნებას“, – განაცხადა სალიამ.
ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს გამოიძიებს. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, რასაც „ქართული ოცნების“ განმარტებით, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.