“მაგთიკომმა” თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურა სხვა ოპერატორებსაც უნდა გაუზიაროს, ქართული ბაზრისთვის გარდამტეხი პერიოდია” – უჩა სეთური განმარტავს, თუ რა იცვლება ბაზარზე და რა შესაძლებლობა უჩნდებათ მომხმარებლებს

„საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარე, უჩა სეთური მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრებზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სეთური „მაგთიკომის“ მიერ დაინტერესებული კომპანიებისთვის ქსელზე დაშვების პირობების გამოქვეყნებას გამოეხმაურა. სეთურმა განმარტა, რას ცვლის ეს ბაზარზე და როგორ შეიძლება, მომსახურების ხარისხზე აისახოს.

“პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ამ სტატუსის [„მაგთიკომი“ – მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრების მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი] უარყოფით კონტექსტში დანახვა, ალბათ, არასწორია. ისეთი ზომის, ისეთი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიას (მით უმეტეს, ქართული ბაზრისთვის), როგორიც “მაგთიკომია” ვალდებულებები აქვს დაკისრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურა სხვა ოპერატორებსაც უნდა გაუზიაროს. როდესაც ეს რეგულაცია შემოვიდა, მიზანიც ამაში მდგომარეობდა – პირობები ყოფილიყო განსაზღვრული, რომლითაც როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ქსელთან დაშვება მოხდებოდა. მოგეხსენებათ, კომპანია ორი მიმართულებით საქმიანობს. მათ შორის ყბადაღებული თემა იყო ე.წ. MVNO დაშვების თემა, რაც ვირტუალური მობილური ოპერატორების გაჩენის შესაძლებლობას ნიშნავდა. პირობების [ქსელზე დაშვების] გამოქვეყნების შემდგომ უკვე მოცემულობა და პირობები არსებობს იმისთვის, რომ თუ კომპანია წარმოდგენილ პირობებს დააკმაყოფილებს, მოხდება ამ კომპანიის შერჩევა, მისი დაშვება. გააჩნია რომელი მოდელი იქნება შერჩეული, MVNO -ს სხვადასხვა მოდელი გვაქვს. გვექნება ალტერნატივა, ბაზარზე მეოთხე, საცალო მობილურ მომსახურებას ვგულისხმობ, რომელიც “მაგთიკომის” ქსელის გამოყენებით ჩვენ, მომხმარებლებს მომსახურებას შემოგვთავაზებს, რომელიც რაღაც მიმართულებით, შეიძლება, ჩვენთვის უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე დღეს არსებული რეალობაა. შეიძლება, მესიჯები უფრო იაფი იყოს, ვიდრე დღეს რომელიმე ოპერატორის მხრიდან შემოთავაზებული გვაქვს, მობილური, ან ინტერნეტი უფრო იაფი იყოს, ან ხმოვანი მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი, საინტერესო, მომხმარებლებზე მორგებული იყოს. შესაბამისად, მიზანი სწორედ ესაა: ერთი ის, რომ კონკურენციის უზრუნველყოფა მოხდეს და ბაზარზე ინფრასტრუქტურული შეზღუდვა არ იყოს. შესაძლოა, ვიღაცას ინვესტიციის ჩადება უნდა და მან ეს ინვესტიცია ჩადოს; მეორე მხრივ კი ის, რომ ალტერნატივა გაჩნდეს.

რა თქმა უნდა, მომხმარებლებისთვის ეს პირველადი ამოცანაა, რომ უალტერნატივობისგან დაცულები ვიყოთ. მოგეხსნებათ, თუ ორი ან მეტი ოპერატორი იქნება, ეს მეტ კონკურენციასა და ჩვენთვის ალტერნატივას ნიშნავს. ეს სიკეთეები ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც მომხმარებლებმა, რადგან ალტერნატივა იმას ნიშნავს, რომ საცალო ბაზარზე უფრო და უფრო უკეთესი პირობები იქნება შემოთავაზებული. არ ნიშნავს იაფს, მე მგონია, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, ჩვენთან ფასები ისედაც საკმაოდ დაბალია.”- განაცხადა უჩა სეთურმა.

„საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ფიქსირებულ და სადენიან ქსელთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, არსებული რეგულაცია იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კონკრეტულმა კომპანიამ “მაგთიკომს” სთხოვოს, აბონენტამდე გზა, ან გზის ნაწილი მიაქირაოს. ამის შედეგად კი მომხმარებელს საშუალება უჩნდება, მისთვის უფრო მოსახერხებელი მომსახურება აირჩიოს.

“რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ფიქსირებულ და სადენიან ქსელს შეეხება. აქაც საუბარია ბაზრის ლიბერალიზაციაზე. ჩვენ, გარკვეულწილად, ქსელის ტოპოლოგია გვაქვს: ქსელი ტოპოლოგიურადაა დაყოფილი. არის პირველი მილი, შუა მილი, ბოლო მილი. ბოლო მილი მომხმარებელს და კომპანიას შორის კავშირს ნიშნავს, რომლითაც მიბმული ვართ კომპანიებზე, სადენის მეშვეობით ტელეფონი, ტელევიზია, ან ინტერნეტის მომსახურება მოგვეწოდება. არსებული რეგულაცია იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მივიდეთ და “მაგთიკომს” ვთხოვოთ, აბონენტამდე გზა, ან გზის ნაწილი მოგვაქირაოს, რადგან აბონენტი კომპანია X-ის მომსახურების მიწოდებას ითხოვს. ამის შედეგად მე, მომხმარებელს მიჩნდება საშუალება, ჩემთვის უფრო მოსახერხებელი მომსახურება ავირჩიო, ტელევიზიის, ინტერნეტის, ან სხვა მომსახურების. რაც შეეხება პირობებს: ახალი გამოქვეყნებულია, გუშინ დაიდო, ვკითხულობთ, გვაქვს კითხვები, დაზუსტებები. ბოლო 4-5 თვის პერიოდში ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები “მაგთიკომთან” სხვა მიმართულებებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ. “მაგთის” ნამდვილად აქვს კარგი ხარისხის, მაღალი მდგრადობის, საიმედო ინფრასტრუქტურა, რომელიც კარგია მომსახურებისთვის. ფასზე შეიძლება, კითხვები იყოს, თუმცა, შეიძლება, ხარისხიანი მომსახურების საფუძველი გახდეს. ასე, რომ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს: ქართული ბაზრისთვის გარდამტეხი პერიოდია. ეს სერვისები არის თანამედროვე, ევროპული სერვისები, რომლებიც ფიზიკურად ჩვენამდე მოვიდა. მსურველი კომპანიები, რა თქმა უნდა არიან. MVNO-ზე, რა თქმა უნდა, მოთხოვნა არის”- განაცხადა უჩა სეთურმა.

ცნობისთვის, ვალდებულების თანახმად „მაგთიკომმა“ დაინტერესებული კომპანიებისთვის ქსელზე დაშვების პირობები გამოაქვეყნა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კომპლექსური კვლევის მიხედვით, 2024 წლის ComCom-ის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრების მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად განისაზღვრა, რის შედეგადაც მას როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ქსელზე დაშვების ვალდებულება და დაშვების ოფერტების გამოქვეყნება განესაზღვრა. ამასთან, ComCom-მა დაადგინა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო დაშვების მარეგულირებელი ჩარჩო.

“აღნიშნული ვალდებულება დაშვების მსურველ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ მიიღონ ინფორმაცია, რაც მათთვის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციულ და სამართლიან პირობებს უზრუნველყოფს. დაშვების მსურველ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებულ ქსელზე დაშვების პირობებს და განაცხადით მიმართონ მათთვის სასურველ შემდეგ მომსახურებებზე: ფიქსირებულ ქსელზე – ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური (ე.წ. ბითსტრიმ) დაშვების საბითუმო მომსახურება; ხოლო მობილურ ქსელზე – ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების მომსახურებები. მოწვევის ოფერტში მაგთიკომის მიერ წარმოდგენილია მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო დაშვების დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობები, მათ შორის, საბითუმო დაშვების მომსახურების ტარიფები”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის საცალო ბაზრები არაკონკურენტულია და სტაგნაციას განიცდის.

“იდენტიფიცირებული კონკურენტული პრობლემების აღმოსაფხვრელად კი, ასევე კვლევის შედეგად გამოვლენილ, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრა. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა”- წერია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები