“მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა სხდომაზე განაცხადა, რომელზეც აღნიშნული კანონპროექტი განიხილეს.
მისი თქმით, პიროტექნიკა სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ის აზიანებს გარემოს.
„ამ პროექტის შემუშავება განპირობებულია პრაქტიკაში წარმოშობილი საჭიროებით, მოხდეს მომეტებული საფრთხის მქონე პროდუქტის ბაზარზე განთავსების რეგულირება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ სახიფათო პროდუქტს წარმოადგენს პიროტექნიკური ნაწარმი, რომლის არასწორმა გამოყენებამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის ადამიანის ფიზიკური დაზიანება, ხელების, სახლის, თვალების დამწვრობა, კიდურის დაკარგვა ან ადამიანის გარდაცვალებაც კი. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროტექნიკის არასწორი გამოყენება იწვევს სხვადასხვა ფორმის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას, იმავდროულად მისი გამოყენებისას განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან ბავშვები, რამდენადაც, ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ პიროტექნიკურ ნაწარმს.
პიროტექნიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ასევე გარემოსაც. აფეთქებების შემდგომ ნაწილაკებად დაშლილი პიროტექნიკა ხვდება ჰაერში, წყალში. ნიადაგში, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას.
მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია. კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირდება ეს საკითხები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.