შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: შედეგს ვერ დებენ მარტივი რამის გამო – სინამდვილეში, ხალხი აბსოლუტურად სხვაგან არის, ვიდრე მათ ჰგონიათ, რომ უნდა იყვნენ
“გაგიკვირდებათ და ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს – ხალხს თუ გამოიყვან, შედეგიც უნდა დადო. მაგრამ შედეგს ვერ დებენ მარტივი რამის გამო – სინამდვილეში, ხალხი აბსოლუტურად სხვაგან არის, ვიდრე მათ ჰგონიათ, რომ უნდა იყვნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“გაგიკვირდებათ და ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს – ხალხს თუ გამოიყვან, შედეგიც უნდა დადო. ხალხს თუ აწვალებ, ჩამოიყვან, დააორგანიზებ და მოიყვან, შედეგიც უნდა დადო, მაგრამ შედეგს ვერ დებენ მარტივი რამის გამო – სინამდვილეში, ხალხი აბსოლუტურად სხვაგან არის, ვიდრე მათ ჰგონიათ, რომ უნდა იყვნენ. სინამდვილეში ხალხი მათ არ მიჰყვება. ხალხმა მათ ბევრჯერ დიდი ხანია ზურგი აქცია და სულ ბოლო ჯერ ეს იყო 26 ოქტომბერს, როდესაც მათ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი პირობა არის ის, რომ ის ქვეყანას სხვა ქვეყნების ვასალად აქცევს, ასეთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში სახელისუფლებო მანდატი არასდროს არ ექნება.
ჩვენ სისხლით იმისთვის არ მოგვიპოვებია ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ახლა რომელიღაც პარლამენტის, რომელიღაც უცხო პარლამენტის კომიტეტების წევრები და თავმჯდომარეები აქ ჩამოდიოდნენ და ჩვენს ხალხს მითითებებს აძლევდნენ, ვის მისცენ და ვის არ მისცენ ხმა.
ვისაც „საბჭოთა კავშირობანას“ თამაში უნდა, დარჩენილიყო საბჭოთა კავშირში. განსაკუთრებით ვგულისხმობ, ბალტიისპირელ ზოგიერთ ხელისუფალს. თუ „საბჭოთა კავშირობანა“ უნდოდათ და ეს მეთოდები მოსწონდათ, მოსკოვიდან რომ მითითებები იყო, ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირში. ემუშავათ იმაზე, რომ მოსკოვში გავლენები მოეპოვებინათ და თუ აქვთ ლტოლვა სხვა ერების მართვის, მოსკოვიდან ემართათ, მაგრამ თუკი არიან დამოუკიდებლები და უნდათ, რომ მათ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს სცენ პატივი, თუკი უნდათ, რომ ესტონეთის სუვერენიტეტს ვინმემ სცეს პატივი, ესტონეთის ხელისუფლებამაც ქართველი ხალხის სუვერენიტეტს უნდა სცეს პატივი. ეს არის ერთადერთი გზა. სხვა არანაირი არ არსებობს. აქ დაბალი და მაღალი ღობე, იუპიტერები და ხარები დემოკრატიულ სამყაროში არ არსებობენ და თუ ისინი თავისი მეთოდებით ნელ-ნელა უახლოვდებიან საბჭოთა მოსკოვის მეთოდებს, ეს უკვე სხვა პრობლემაა, რომელიც სხვათა შორის, იკვეთება ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევასა თუ რიტორიკაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.