შალვა პაპუაშვილი: გარე ძალებს აქვთ შესაძლებლობა, რომ პროპაგანდით იმოქმედონ ემოციებზე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე – ეს არის დავითის და გოლიათის ბრძოლის გაკვეთილი, რომელსაც ქართველი ხალხი ხედავს 12 წელია
“ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში, ეს არის ერთადერთი, რაც ოპოზიციას გამოსდის და რასაც ცდილობს. ეს არის რაც შეგიძლია, რომ შხამიანი ენით, სიტყვით გააკეთო და რასაც არ სჭირდება შრომა და საქმის კეთება. გესლიანი და ბოროტი ენა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანების ემოციებზე იმოქმედო. ამას აკეთებენ ყოველ ჯერზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 12 წელიწადია ჭიდილია “ქართულ ოცნებასა” და იმ გარე ძალებს შორის, რომლებსაც მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 2021 წლის არჩევნების წინა პერიოდს და შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეს, ხომ გახსოვთ რაზე წავიდნენ. ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რაც ფიქრობს შაქარაშვილის ოჯახი, ჩვენ მაინც დავადგენთ სიმართლესო. ანუ, ამბობდნენ იმას, რომ მის მშობლებს არ ადარდებდათ საკუთარი შვილის ბედი და ეს მთავარი ჟურნალისტი იყო გადამკვდარი ამ საკითხზე. ასეთი მორალის ხალხია, რომელიც წამსვლელია ყველაფერზე. ამ პროპაგანდას აქვს თავისი უარყოფითი თვისება, რომ სკანდალური ტყუილი, უფრო ადვილად ვრცელდება და აღწევს ადამიანებამდე, ვიდრე სიმართლე. ასე რომ ბოლო 12 წელიწადია ეს ჭიდილია ქართულ ოცნებასა და იმ გარე ძალებს შორის, რომლებსაც მარიონეტებად ჰყავთ აქ ოპოზიცია. ეს არის ჩვენი როგორც დავითის ბრძოლა მათთან, როგორც გოლიათთან. ეს არის დიდი ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ პროპაგანდით იმოქმედონ ემოციებზე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე და როდესაც სიმართლის მხარეს ხარ, შენ მხარეს არის ყველა შესაბამისი ძალა და აქედან გამომდინარე, საბოლოო შედეგს ყოველთვის აღწევ. ეს არის დავითის და გოლიათის ბრძოლის გაკვეთილი, რომელსაც ქართველი ხალხი ხედავს 12 წელია, რომ ნებისმიერ გოლიათს დავამარცხებთ, თუკი სიმართლის მხარეს იქნები და სწორედ ამ სიმართლით ვიმარჯვებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.