კახიანი – ოპოზიციის მიერ მანდატების ჩახსნაზე: დაწერონ განცხადებები და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს
“დარწმუნებული ვარ, რომ, ადრე თუ გვიან, მათ დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ იმიტომ, რომ ეს სცენარიც ნანახი გვაქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ არაერთხელ წასულან.
“ზუსტად ოთხი წლის წინანდელი, ეს პერიოდი მახსენდება, როდესაც კიდევ უფრო მეტი მონდომებით საუბრობდნენ იმაზე, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, ვინც შემოვიდოდა იქნებოდნენ პუფები და ა.შ.
ისიც ვიხილეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მათი უდიდესი ნაწილი იყო პარლამენტის წევრი. სცენარი დაახლოებით იგივე იქნება, ეს დამოკიდებულია დროზე. როდის მოხდება, ამას საზოგადოება ძალიან მალე ნახავს. დღეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება და დაველოდებით მათ განცხადებებს. დაწერონ განცხადებები და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა კახიანმა.