“დღეს დავამტკიცებთ მთავრობასაც, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, ხოლო უსამშობლოები ყოველთვის ასეთ მოცემულობაში იქნებიან” – ზარქუა

“დღეიდან უკვე აქვთ უფლებამოსილება, დაწერონ განცხადება, ჩვენ დავაკმაყოფილებთ. აქამდე რაც ჰქონდათ დაწერილი, არის სიცრუე. არ ჰქონდათ მანდატი, განცხადება დაეწერათ”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების ჩახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა – მეგობრებო, გატყუებენ. აქვთ მცდელობები, უკვე საელჩოებთან მუშაობენ ეს უსამშობლოები, რომ რამენაირად „გაიპრავონ“ პარლამენტში შემოსვლა. გეტყვით ორ სცენარს, რასაც ისინი აკეთებენ. პირველი – ბორელის ინიციატივას ელოდებიან. ორი ადამიანი ჩამოვა დეკემბერში, შესაბამისად, შეისწავლიან. ჩვენც გვექნება შესაბამის უწყებებთან შეხვედრები. დარწმუნდებიან, ჩავლენ და იტყვიან, რომ კი, შეიძლება გარკვეული ხარვეზები იყო, მაგრამ არჩევნები შედგა, ჩატარდა და შესაბამისად, უფლებამოსილება აქვს ამ პარლამენტს. ამ დასკვნას დადებენ. ჩვენ თემებში რატომ ერევიან, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე გეუბნებით მაინც, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო გარკვეულმა ჯგუფმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ერთი. უსამშობლოების ნაწილი გამოვა და იტყვის, აბა რა უნდა ვქნათ, ევროპამ აღიარა და ჩვენც უნდა შევიდეთ. მეორე ვარიანტი აქვთ, რომ ჩვენი მეგობარი საელჩოების წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, იცით რა, აზრი არ აქვს თქვენს ახლა ზემოთ და ქვემოთ ხეტიალს, დაფინანსებაც არ გექნებათ და შესაბამისად, შედით პარლამენტში. გამოვლენ მორიგი პუფები და იტყვიან, აბა, რა უნდა ვქნათ. ხალხს დააბრალებენ, თქვენ არ გამოდიხართ და ჩვენ რა ვქნათო. კიდევ ერთხელ გეუბნებით – ესენი არიან უთავმოყვარეო, უპრინციპო, უსამშობლოები. ამიტომ შეეშვით, ნუ დაჰყვებით ამათ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები