პაკისტანში ცეცხლის 7-დღიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პაკისტანში ცეცხლის შვიდი დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ,- ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კურამის რაიონში ძალადობის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„21, 22 და 23 ნოემბრის შეტაკებებისა და კოლონებზე თავდასხმების შედეგად, 82 ადამიანი დაიღუპა და 156 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 16 – სუნიტი, ხოლო 66 შიიტური თემის წარმომადგენელი იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
დაპირისპირება ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შიიტი მუსლიმების კოლონებს. თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რასაც შემდგომში საპასუხო თავდასხმები მოჰყვა.
მოლაპარაკებები როგორც შიიტი, ასევე სუნიტი თემის ლიდერებთან 23 ნოემბერს დაიწყო, ხოლო 24 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობის წარმომადგენელმა, მუჰამად ალი საიფმა განაცხადა, რომ შიიტმა და სუნიტმა ლიდერებმა ძალადობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის საზღვართან მდებარე მიწის გამო, ამ რაიონში შეიარაღებული შიიტი და სუნიტი მუსლიმები ათწლეულების განმავლობაში ტომობრივ და სექტანტურ დაპირისპირებაში არიან ჩართულნი.