Silk hospitality: IBTM-ის გამოფენას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა ქვეყნებიდან ინტერესი გაზრდილია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი.

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს.

გამოფენის შესახებ საუბრობს Silk hospitality-ის გაყიდვების დირექტორი სოფო მესხი.

„IBTM-ის გამოფენას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კონცენტრირებულია საქმიან ტურიზმზე. ეს სეგმენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასვენების ტურიზმთან ერთად ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ MICE ტურიზმზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გამოფენას ვესწრები. წელს იყო მართლაც უფრო დიდი დაინტერესება, ვიდრე შარშან. შეხვედრებიც უფრო მეტი იყო. სხვადასხვა ქვეყნებიდან ინტერესი გაზრდილია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართ. ევროპის ქვეყნებიდან გვქონდა საინტერესო შეხვედრები, ასევე იმ სამიზნე ბაზრებიდან რომლებიც უკვე ცნობილია ჩვენთვის და რომლებზეც უკვე წლებია ვმუშაობთ, მაგალითად: ისრაელი, ინდოეთი და ა.შ. ვიმედოვნებ, მომავალ წელს, ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი საქმიანი მოგზაური ეყოლება საქართველოს“, – განაცხადა სოფო მესხმა.

IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები