გახარია – მოქალაქეებს: იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას
“მინდა, ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.
‘საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ ვთვლით არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება“, – განაცხადა გახარიამ.