არჩილ გორდულაძე: თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, კატეგორიულად მიუღებელია
“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
„არაერთი ქვეყნის ოფიციალურ პირს არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები არის ცალკეული პარლამენტის წევრების განცხადებები და მათ არავითარი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. მთავარი არის კომისიების გადაწყვეტილებები. დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები და მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე პოლიტიკოსს და პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხალხს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს პოზიცია, როდესაც ემუქრებიან, რომ თქვენ ამ ბენეფიტს, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ არ აირჩიეთ ის ძალა, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ორმაგი, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი, რომელიც არ არის მისაღები ორ თანასწორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში”, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. ევროპელი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა და საჭიროა დარღვევების გამოძიება, ასევე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.