“ოპოზიციის განსაკუთრებულად რადიკალური ნაწილი ქუჩის ქორვაჭრებად ჩამოყალიბდა” – ლევან ნიკოლეიშვილი
“ოპოზიციის განსაკუთრებულად რადიკალური ნაწილი ქუჩის ქორ-ვაჭრებად ჩამოყალიბდა, თავიანთი კივილ-წივილით ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას და უცხოელებსაც გასაყიდი საქონელი რამენაირად შეასაღონ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას ვერ ამტკიცებს.
პრობლემა ისაა, რომ გასაყიდი ნივთ(ებ)ი ჯერ ერთი, რომ ძალიან ცუდ, მე ვიტყოდი ჭუჭყიან ქაღალდშია შეფუთული, მეორე კი აშკარად ვადაგასულია და ცოტა არ იყოს, უცნაური სუნიც ასდის. ამიტომაც არ ყიდულობს არავინ არც საქართველოში და როგორც ჩანს უცხოეთშიც მოაკლდათ მუშტარი. ახლა როგორი საქმეა, არჩევნების გაყალბებას ვერ ამტკიცებენ და თავიანთ დაბალ რეიტინგიან თავებს სთავაზობენ, პარალელურად ეუბნებიან რომ, ოღონდ მხარი დაგვიჭირეთ და ლგბტ პროპაგანდასაც გავაძლიერებთ საქართველოში და რუსეთს კი მეორე და მესამე ფრონტსაც გავუხსნითო, ხომ მართლა, დონორებს თანხების დროული გადმორიცხვაც არ დაავიწყდეთო. არა და დასავლეთში სულ სხვა ვითარებაა, არჩეული პრეზიდენტი ტრამპი არც ლგბტ თემის განვითარებითაა მოხიბლული, ჯიუტად ისევ აცხადებს, რომ ქალი ქალია და კაცი კაციო, რუსეთთან ახალი ფრონტების გახსნაზე კი არა, ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობის დამყარებაზე ფიქრობს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების არამიზნობრივ ხარჯვასაც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.
რჩება აშშ-ის ელჩი, ქალბატონი დენიგანი, რომელმაც ჯერ ხომ ცესკოს ჩატარებული სამუშაო შეაქო, მერე თქვა, რომ „ქართული ოცნება,“ თუ არჩევნებში გაიმარჯვებდა ცხადია მათთან აუცილებლად ითანამშრომლებდა.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონ დენიგანს ვაშინგტონიდან არ ჰკითხავენ რა ხდება საქართველოში?
პასუხი კი შემდეგი სახის იქნება: 1. ოპოზიცია თავის პოპულიზმისა და მავნებლობის გამოა დამარცხებული, მათში ზედმეტი ფულის ჩაყრა არ ღირს. 2. ბევრი ლაყაფის მიუხედავად არც სალომე ზურაბიშვილს, არც ოპოზიციას და არც არასამთავრობო სექტორს არჩევნებში დარღვევის შესახებ არც ერთი სერიოზული ფაქტი არ აქვს, რაც გავლენას იქონიებდა არჩევნების შედეგებზე. 3. ჩემი აზრით (ელჩის აზრით), უნდა ვაღიაროთ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურობა, ოპოზიციას კი მოვუწოდოთ პარლამენტში შებრძანდნენ, ხოლო რაც შეეხება არჩეულ ხელისუფლებას, რომელიც ყველაზე რეალურად ჩანს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად, მომავალი წლის პირველ ნახევარში მათი პრემიერი უნდა მოვიწვიოთ ვაშინგტონში და ვისაუბროთ არათუ ურთიერთობების გადატვირთვაზე, არამედ გაჯანსაღებასა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე”, – წერს ნიკოლეიშვილი.