დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიო ოფიციალურად წარადგინა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად სენატორი მარკო რუბიო ოფიციალურად წარადგინა.
„ის იქნება ჩვენი ხალხის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ერთგული მეგობარი და უშიშარი მეომარი, რომელიც არასოდეს დაემორჩილება ჩვენს მოწინააღმდეგეებს“, – განაცხადა ტრამპმა.
მარკო რუბიო სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს. ის ასევე არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. რუბიო ითვლება ჩინეთის, კუბის და ირანის მკაცრ კრიტიკოსად.
მარკო რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს. სენატორი იყო ერთ-ერთი იმ 15 რესპუბლიკელიდან კონგრესში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. ბოლო პერიოდში ის აცხადებდა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს და კიევს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს.