გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნების ორგანიზების მიზნით ცესკო-მ მიიღო არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას

არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს.

“2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობებს თითქმის 2 წელია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის – სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი.

პროცესის ინკლუზიურობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ინსტიტუციაში შექმნილია 4 სამუშაო – დიალოგის პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. აღნიშნულ ფორმატებში რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, განიხილებოდა ის მიგნებები თუ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობაც მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია.

არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას. საერთო ჯამში, არჩევნების დანიშვნიდან დღემდე მიღებულია 13 დადგენილება, ასევე კომისიამ მიიღო 228 განკარგულება, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა 13-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა.

სწორედ ზემოჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად გაწეული საქმიანობისთვის და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა იმ ჩართულ მხარეს, რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოდერნიზების პროცესში, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას”,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები