“ფირცხალაიშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ საფრთხე არსებობდა; მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა” – საქმის პროკურორი

ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის საქმის პროკურორი დეტალურად საუბრობს.

გრიგოლ ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ დაპირისპირებას წინარე პირობები უძღოდა.

“დაპირისპირებას წინარე პირობები უძღოდა, ფირცხალაიშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ საფრთხე არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, ერთი ტყვია გულ-მკერდის და მეორე წელის არეში მოხვდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

არაფერი ხდება მოტივისა და მიზეზის გარეშე. ვარაუდის დონეზე მონაცემებია, რომ გასული წლის სექტემბერში, იოსებ ბალარჯიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. არის ინფორმაცია, რომ ბალარჯიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გარდაცვლილს ინფორმაცია გააჩნდა. ეს გამოძიების მიერ მოწმდება და აღნიშნული გარემოების სრულყოფილი გადამოწმება მოხდება.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბალარჯიშვილმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, რაც განზრახ უქმნიდა სხვათა სიცოცხლეს საფრთხეს. არსებობს ვარაუდი, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი და ატარებდა.

ორმხრივი სროლა იყო, დაიჭრა თავად ბალარჯიშვილიც მარცხენა ფეხის მხარეს.

გამოძიების მონაცემებით, მეორე მხარეს სხვა პირებიც იყვნენ, რომელთა დადგენისა თუ დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, იოსებ ბალარჯიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით მაჭარაშვილს, ჯემალ ფირანიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები