პოეტი ნინია სადღობელაშვილი სერბეთის მწერალთა ასოციაციის პრემიის ლაურეატი გახდა

პოეტი ნინია სადღობელაშვილი სერბეთის მწერალთა ასოციაციის პრემიის ლაურეატი გახდა. ინფორმაციას საქართველოს მწერალთა სახლი ავრცელებს.
6-8 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ მრჩაევცში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ღონისძიებაზე – International Poetry Event მწერალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ნინია სადღობელაშვილს ჯილდო პირადად გადასცეს. მისი ლექსები ითარგმნა სერბულ ენაზე და მოეწყო შეხვედრა მკითხველთან. აღსანიშნავია, რომ პრემია „მორავა“ ერთადერთი საერთაშორისო ჯილდოა, რომელსაც სერბეთის მწერალთა ასოციაცია 24 წელია გასცემს.
8 ოქტომბერს ქალაქ პანჩევოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება გამარჯვებული ავტორების შემოქმედებითი საღამო, რომლის დროსაც ქართველი პოეტი შეხვდება მკითხველს და გააცნობს საკუთარ პოეზიას.
ქართულ-სერბული ლიტერატურული ურთიერთობები 2024 წლის თებერვალში ახალ ეტაპზე გადავიდა: მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ორი ქვეყნის მწერლებს შორის თანამშრომლობა, ახალი ნაწარმოებების თარგმნა და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
საქართველოში სტუმრად ჩამოსული სერბი მწერლები გაეცნენ ქართველი პოეტების შემოქმედებას, მათ შორის, ნინია სადღობელაშვილის პოეზიას, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა და საბოლოოდ პრესტიჟული პრემიით აღინიშნა.
პოეტი, მწერალი და დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი კარგადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის. იგი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, კორეულ, თურქულ, აზერბაიჯანულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები