ეროვნულ გალერეაში იური ბერიშვილის გამოფენა – „იმპერატორის ბაღი“ გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იური ბერიშვილის გამოფენა – „იმპერატორის ბაღი“ გაიხსნა. გამოფენის გახსნასთან ერთად გაიმართა მხატვრის შემოქმედების ამსახველი წიგნი – ალბომის პრეზენტაციაც, რომელიც ასევე სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
„იური ბერიშვილი ქართული ვიზუალური ხელოვნების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურაა და მისი მხატვრული გზავნილები მდიდარი მასალაა როგორც ქართული მხატვრობის განვითარების გზაზე, ისე ზოგადად, გამოსახულების შესაძლებლობების, მისი საზღვრების ძიებისა და ახალი ინტერპრეტაციებისთვის.
იური ბერიშვილი: „მხატვრობა მოგზაურობაა, მოგზაურობა შიშველი ფეხებით უმიზეზო ლანდშაფტებსა და უდროობაში… უდროობა კი – აბსტრაქციაა“.
იური ბერიშვილმა 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვარს არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა საქართველოში, ბელგიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ინგლისში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში; თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში; ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის კოლექციაში; ნენსი და ნორტონ დოჯების კოლექციაში ზიმერლის მუზეუმში (აშშ); „კოლოძეის არტ ფონდში“, ნიუ-ჯერსიში (აშშ); კერძო გალერეებსა და კოლექციებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენა ეროვნულ გალერეაში 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები