საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ფოთში, მალთაყვაში კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზა აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლადაშენებული ბაზა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ბაღათურიამ შპს „სპორტმშენსერვისის” დირექტორთან გერონტი ცინდელიანთან ერთად დაათვალიერა.
“ბაზის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე სპორტული ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება შვიდ მილიონ ლარამდეა და მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს, მათ შორის 22 სასტუმროს ტიპის ნომერს, საუნას, გასახდელებს, საშხაპეებს, საკონფერენციო ოთახს, შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გააჩნია ელექტროენერგიის დამოუკიდებელი კვების წყარო.
ქალაქ ფოთს ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. XX საუკუნეში აქ ნიჩბოსნობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქალაქში მოსამზადებლად ჩადიოდნენ იმ დროის საუკეთესო სპორტსმენები. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ მალთაყვის აკვატორია მდიდარია წყლით, რაც საწყლოსნო სახეობების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფოთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ზამთარში წყალი არ იყინება, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევთ ზამთარშიც უწყვეტად შეძლონ ვარჯიში. წლების განმავლობაში წყალთან ახლოს ბაზის არარსებობის გამო ნიჩბოსნებს ვარჯიშის პროცესში არაერთი პრობლემა ექმნებოდათ, მათ შორის სპორტსმენებს ნავებისა და სპეციალური ეკიპირების ხელით ტარებაც დიდ მანძილზე უწევდათ, ბაზის გახსნის შემდეგ კი ეს პრობლემები მთლიანად აღმოიფხვრება.
2021 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის კანოესა და ნიჩბოსნობის ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, რის შემდგომაც ბაზის აღდგენა დაიგეგმა. პერსპექტიული ახალგაზრდები, რომელთაც ხელშეწყობა სჭირდებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში შეძლებენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას, ბაზა ასევე უმასპინძლებს უცხოელ სპორტსმენებსაც. შედეგად, ნიჩბოსნობასა და კანოეში საქართველოს დიდი სპორტული ტრადიციები სათანადოდ აღდგება. აღსანიშნავია, რომ მალთაყვის ბაზა საწყლოსნო სპორტის სხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ქართული სპორტის განვითარებისა და სპორტსმენთა ხელშეწყობისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.