მამუკა მდინარაძე: გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, შეიძლება ერთმა პარტიამაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, ვერ გადალახოს ბარიერი

,,გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, შეიძლება ერთმა პარტიამაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, ვერ გადალახოს ბარიერი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 16-18 სექტემბრისთვისაა დაანონსებული.

მისივე თქმით, მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან „მაშველ რგოლზე“.

„ხავსის მოლოდინი. ხავსი ტყუილად არ მითქვამს. ეტყობა მომეწონა ეს სიტყვა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ გარედან არანაირი მოძრაობა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა არ იყოს, ვერ მიიღებენ ყველა ერთად ალბათ 10 პროცენტს. გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, შეიძლება ერთმა პარტიამაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, ვერ გადალახოს ბარიერი. მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან „მაშველ რგოლზე“.

ქართველმა ხალხმა უნდა დაიმახსოვროს, რომ გარედან განცხადებებით და მოქმედებებით შეიძლება რეიტინგი ოდნავ აწიონ, მაგრამ ყველაზე დიდი მაშველი რგოლი უკვე ხავსად არის ქცეული. კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას მათ შორის იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო ვითომ საქმიანი გამომეტყველებით და შემდეგ რადიკალური, აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე რაღაც ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა.

ნიკა სამხარაძე რომ გერმანიაში ჩავიდეს, შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, თან ტყუილები ილაპარაკოს, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს?! ზუსტად იგივეა. ანუ ზევიდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ?! ასე არ არის. ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ეთქვა თავისი სათქმელი ყველასთვის. ვერავის ავუკრძალავთ რაღაცების ლაპარაკს, მისვლა-მოსვლას, მაგრამ ცოტა ყურადღებით იყვნენ, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოითხოვს მთავრობის და ხელისუფლების გადადგომას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები