გია ვოლსკი: რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს სპორტსმენებს

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, რომან გოცირიძე ცდილობს სპორტსმენებს შეურაცხყოფა მიაყენოს.

“საქმე იმაშია, რომ გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ. ეს არის ჯანსაღი მომავლის, ჯანსაღი წესის დანერგვა – მასობრივი სპორტის განვითარება და ვინ თუ არა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები. ამას ისინი სხვაზე უკეთ გააკეთებენ და თუ ჰგონიათ, რომ ისინი ინტელექტით უფრო დაბლა არიან, ვიდრე თვითონ რომან გოცირიძე ან ნებისმიერი სხვა, ძალიან ცდებიან. პირველივე შემთხვევიდან, არჩევნების შემდეგ პირველივე საქმიანობიდან თქვენ დაინახავთ, რომ გამოჩენილი სპორტსმენებიც, მსახიობებიც, ბიზნესმენებიც, პოლიტიკოსებიც და იურისტებიც, რომლებიც ჩვენს გუნდში მრავლად არიან, შეასრულებენ მაღალი დონის მაჩვენებლებს, წარმოადგენენ ნებისმიერი დარგის საქმიანობის სამართავად. მათ შორის, სპორტი არის განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის. ის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია ჩვენს საარჩევნო პროგრამაში”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პირველ ოცეულში არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.
აღნიშნულს რომან გოცირიძე გამოეხმაურა: “ლამაზი ფასადური სახეები – ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების” პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები