ეროვნული გალერეა მიხეილ იაშვილის საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს

3 სექტემბერს, 18:00 საათზე,  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  მიხეილ იაშვილის საიუბილეო გამოფენა – „მიშა იაშვილი 70“ გაიხსნება.
როგორც ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-20 საუკუნის 80-იანი წლებში ასპარეზზე ჩნდება მხატვართა თაობა, რომელიც ფორმითა თუ შინაარსით ქართულ ხელოვნებაში ახალ ეტაპს ამკვიდრებს. მივიწყებული ისტორიული თუ რელიგიური თემები, მხატვრულ ფორმათა ახლებური ინტერპრეტაცია, ინტენსიური, ინდივიდუალური შემოქმედებითი ძიებები – ასეთია ამ პერიოდის ქართული მხატვრობის მახასიათებლები.
მიხეილ იაშვილი თავისი თაობის გამორჩეულად ქარიზმატული ხელოვანია. იგი 1979 წელს ამთავრებს სამხატვრო აკადემიას. 1981-1983 წლებში უჩა ჯაფარიძის შემოქმედებით სახელოსნოში ირიცხება. 1989-1999 წლებში ის საქართველოს მხატვართა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, 90-იან წლებში – მხატვართა კლუბ „ფიროსმანის“ პრეზიდენტი, 2009-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიის მიწვეული პროფესორი.
მიხეილ იაშვილის ბიოგრაფია მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი არა მარტო საინტერესო შემოქმედი, არამედ საქართველოში თუ საზღვარგარეთ უამრავი პროექტისა და გამოფენის ორგანიზატორია. დღესასწაულებად ახსოვთ მის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მიუვალ სოფელში, ძველი თბილისის ეზოებში დაგეგმილი თუ სპონტანურად გამართული ღონისძიებები. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მიშა იაშვილი იყო საოცარი ენთუზიასტი, გამორჩეულად მიზანდასახული, რაიმე იდეის განსახორციელებლად შეუპოვარი და, ამასთანავე, გამოუსწორებელი რომანტიკოსი.
მრავალფეროვანია მისი შემოქმედება. ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟები, განსხვავებული სტილი, ექსპერიმენტები… – ყველაფერი მხატვრის განუმეორებელ სამყაროს ასახავს და ყველგან უცნაურად მომნუსხველი მუხტი იგრძნობა.
მიხეილ იაშვილმა მონაწილეობა მიიღო 160-ამდე რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენაში. მისი ნამუშევრების ექსპოზიციები მოეწყო გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, იტალიაში, იაპონიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, მალტაზე, საფრანგეთსა და ეგვიპტეში. მათ შორის იყო 16 პერსონალური გამოფენა.
მიხეილ იაშვილის ნამუშევრების გამოფენა 15 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები