რატომ გამოდიან ფეხბურთელები მოედანზე ბავშვებთან ერთად

თუ ფეხბურთით ხართ დაინტერესებული, მაშინ ნამდვილად არაერთხელ შეამჩნევდით, რომ მატჩის დაწყებამდე მოთამაშეები მოედანზე ბავშვებთან ერთად გადიან, მაგრამ გიფიქრიათ როდის და რატომ გაჩნდა ეს რიტუალი? რა არის მისი მნიშვნელობა?

ტრიბუნიდან მოედნისკენ მიმავალ ფეხბურთელების თანმხლებ ბავშვებს თილისმასაც უწოდებენ. ისინი შედარებით ცოტა ხნის წინ გახდნენ თამაშის ნაწილი – ეს ტრადიცია  90-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ მაშინ მთელი გუნდისთვის მხოლოდ ერთი ბავშვი იყო გამოყოფილი. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, „თილისმები“ პერიოდულად ჩნდებოდნენ მნიშვნელოვან მატჩებზე – მაგალითად, 1999 წლის ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლს“ შორის გამართულ შეხვედრაში.

2000-იანი წლების დასაწყისისთვის ტრადიცია რეგულარული და ფართოდ გავრცელებული გახდა. თანდათან მინდვრებზე უფრო მეტი ბავშვი გამოჩნდა – უკვე თითოეულ მოთამაშეს ენიჭებოდა პირადი „თილისმა“. ტრადიციის განვითარებაზე გავლენა მოახდინა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA), როდესაც ორგანიზაციამ პარტნიორობა დაიწყო გაეროს ბავშვთა ფონდთან და წამოიწყო კამპანია – „უთხარი დიახ ბავშვებს“. ინიციატივის მიზანი ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესება და მათი დაცვაა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი გახდა პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომლის მატჩების წინ სპორტსმენები მოედანზე ბავშვების გარემოცვაში გამოდიოდნენ. ორი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიც გაიმართა, რის შემდეგაც აღნიშნული კონცეფცია მართლაც პოპულარული გახდა.

ყველაზე ხშირად „თილისმები“ თან ახლავთ ფეხბურთელებს სოციალური კამპანიის რეკლამირებისთვის. კამპანია „უთხარი დიახ ბავშვებს“ სწორედ ასეთი შემთხვევაა. „თილისმებმა“ არა მხოლოდ FIFA-სა და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის პოპულარიზაცია მოახდინეს, არამედ მატჩების მაყურებლებს სიმბოლურად შეახსენეს მომავალ თაობებზე ზრუნვის მნიშვნელობა.

ამ კუთხით, ისტორიაში არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებიც. მაგალითად, 2015 წელს ჰოლანდიური „აიაქსის“ ფეხბურთელები, დედის დღესთან დაკავშირებით, დედებთან ერთად გავიდნენ მინდორზე. იმავე წელს ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები მოედანზე ძაღლებთან ერთად გამოვიდნენ, რათა ყურადღება გაემახვილებინათ უსახლკარო ცხოველების პრობლემაზე.

ყველამ, ვინც ფეხბურთს თვალყურს ადევნებს, იცის, რომ ზოგჯერ სტადიონებზე ისეთი საშიში რამ ხდება, როგორიც გულშემატკივრების ჩხუბი ან მოთამაშეებისკენ გარკვეული საგნების სროლაა. ახალგაზრდა „თილისმებთან“ ერთად მოედანზე გასვლით, ფეხბურთელები ხაზს უსვამენ სპორტის მშვიდობიან ბუნებას. ბავშვი უდანაშაულობისა და სიწმინდის სიმბოლოა, რითიც გუნდები სტადიონზე თამაშის დადებით ღირებულებებს აჩვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები