“არჩევნების წინასწარი შედეგები ძალიან მალე გვეცოდინება, ჩვენი პროგნოზით, 26 ოქტომბერს წინასწარი შედეგის გამოცხადება ცესკოში შესაძლებელი იქნება საათ-ნახევარი – ორი საათის განმავლობაში”, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იოსელიანმა განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამართვა.
“პირველი და მნიშვნელოვანი, ალბათ, გამარტივებული საარჩევნო პროცედურებია. მაგალითად, ივლისის თვეში განხორციელებულ, ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დემონსტრირების პროექტში ასევე გამოვიკითხეთ ამომრჩევლები. მათ ვკითხეთ, რამდენად მარტივი და მოსახერხებელია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. 99 %-მა აღნიშნა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებით საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება მარტივი, კომფორტულია. რაც ყველაზე მთავარია , ეს ყველაფერი არის ძალიან ზუსტი, ადამიანურ შეცდომებს გამორიცხავს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად, წინასწარი შედეგები ძალიან მალე გვეცოდინება. ჩვენი პროგნოზით, 26 ოქტომბერს წინასწარი შედეგის გამოცხადება ცესკოში შესაძლებელი იქნება საათ-ნახევარი – ორი საათის განმავლობაში. ზუსტად ელექტრონული ტექნოლოგიები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. იმის გარდა, რომ პირველადი შედეგები გვექნება, იცით, რომ ტრადიციულად ხელის გადათვლის მეთოდი კვალავ დარჩენილია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ნაცვლად ამომრჩეველთა ერთიანი სიებისა, ჩვენ გვაქვს ვერიფიცირების აპარატი. ეს გახლავთ ამომრჩევლის ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისთანავე გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, ზუსტად 3 წამში რეგისტრატორი მის ელექტრონულ რეგისტრაციას მოახდენს. ანუ, პროცესი ბევრად უფრო დაჩქარებულია. ხმის მთვლელი მანქანებიც იმის შესაძლებლობას გვაძლევენ, რომ პერიოდულად, კანონით დადგენილ დროში ვიცოდეთ ამომრჩეველთა აქტივობა, პირველადი შედეგები. პროცესი ძალიან მოსახერხებელი და მარტივია როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.