მეუფე გრიგოლი: პატრიარქის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნეს განხილული

“პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნეს განხილული. პატრიარქის პოზიციას იზიარებენ მღვდელმთავრები”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ განუცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით იმართება.

მისივე თქმით, საკითხს მეტი დაფიქრება სჭირდება.

“ჩემი პასუხი ის არის, რომ ამ ტიპის წინადადება, იმდენი საკითხია, რომ ასე დაჩქარებულად განხილვას, ვფიქრობ, არ უნდა ექვემდებარებოდეს. ამიტომ, პირადად მე, არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ განხილვაში შესვლას იმიტომ, რომ მეტი სიდინჯით მიდგომა, მეტი დაფიქრება, აწონ-დაწონა სჭირდება. არ მიმაჩნია, რომ დღეს, სახელდახელოდ სასწრაფო იყოს ამის განხილვა, თუმცა გასაგებია ზოგადად პრობლემები ცხოვრებაში არსებობს და ვმსჯელობთ სხვადასხვა პრობლემებზე, მაგრამ ეკლესიის სტატუსს რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საფუძვლიან შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა მაქსიმალურად შესწავლილი იქნა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეს იქნა მიღებული და მისი უწმინდესობა მაშინ არ იყო მომხრე იმ სტატუსის. დღეს, ამ წუთას, რაც მე ვიცი, ახლა, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივ რელიგიის სტატუსზე. გეუბნებით, განხილვაში არც კი შევედი, იმიტომ, რომ სახელდახელოდ, თუნდაც 2-საათიან შეხვედრაში უხერხულიც არის ამ ტიპის დოკუმენტზე მსჯელობა.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე შემოთავაზება არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში, ზოგადად ფსევდოღირებულებებთან მიმართებით თუმცა არის პრობლემები, იქაც კი, სადაც სახელმწიფო რელიგია არის. იქაც კი, ვხედავთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთოდ მიუღებელია ეკლესიისთვის”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები