სოფელ მარანში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით სოფელ მარნის კულტურის სახლის საბოლოო ეტაპის სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულდება ფასადების რეაბილიტაცია და აქტიურად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები; მხატვრობის, დეკორატიული ორნამენტებისა და სხვა ღირებული ელემენტების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები; პარალელურად კი – გრძელდება ნაგებობის ტექნიკური აღჭურვა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს.
სააგენტომ მარნის კულტურის სახლის სამივე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 4 755 611,67 ლარი გამოყო. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული „იუკონი და კომპანია“ ახორციელებს.
როგორც ცნობილია, სოფელ მარანში მდებარე უნიკალური კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, აბაშის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გადაწყდა. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას აუწყა, რომ კულტურის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის, ინიციატივა და გადაწყდა სოფელ მარნის კულტურის სახლის აღდგენა. იმავე წლის დეკემბერში შემუშავდა მარნის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო პროექტი, რისთვისაც სამინისტრომ 133,331 ლარი გამოყო.
რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: გვიანდელი მინაშენების დაშლა და ტერიტორიის გაწმენდა (სახურავის, იატაკის, ტიხრების, გვიანდელი მიშენებული შენობის, ეზოში არსებული საპირფარეშოს და სხვა); შენობა-ნაგებობების საძირკვლისა და მზიდი კედლების გამაგრება; სცენის რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა და ფლიგელის მიშენება; შენობა-ნაგებობების სახურავის მოწყობა; საინჟინრო-კომუნალური შიდა ქსელების გამართვა; საქვაბის, საქლორატოროს, სატუმბო სადგურის, სამარაგო რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები; ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მოწყობა; სასმელი წყლის ჭაბურღილის გამართვა; გარე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა; სახანძრო გარე ქსელის გამართვა; ელექტრომომარაგება, გათბობა, გაგრილება, ვენტილაციისა და გარე განათების მოწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი 2023 წელს გაეცნო.
სოფელ მარნის კულტურის სახლი აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირთან. 1980-იან წლებში განხორციელებული კაპიტალური რემონტისა და გადაკეთების გამო ამჟამად XX საუკუნის დასაწყისის შენობის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კლუბი, მოზრდილი სცენით, რომელშიც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა და კინოფილმების ჩვენებები ეწყობოდა; მის კედლებსა და ჭერში მუზები არიან გამოსახულნი.
აღსანიშნავია, რომ რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული და მხატვრული ელემენტი.
შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები