დააკავეს პირი, რომელმაც არასწორად შევსებული დეკლარაციებით, სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი მიისაკუთრა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი,- ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 524 223 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.