რუმინეთის პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა – ალიანსის მომდევნო გენმდივანი მარკ რუტე გახდება

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ალიანსის მომდევნო გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სხდომაზე იოჰანისმა განაცხადა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვან.

როგორც აღინიშნება, სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

ამასთან, ცოტა ხნის წინ რუტეს კანდიდატურას უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი, შესაბამისად, ამჯერად მის კანდიდატურას ნატოს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს.

აღსანიშნავია, რომ 65 წლის იოჰანისმა მარტში განაცხადა, რომ ალიანსის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ბრძოლას აპირებდა. ის ამბობდა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს წარმოადგენს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მას მხოლოდ უნგრეთი უჭერდა ღიად მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები