ენტონი ბლინკენი: პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში მისი სასოწარკვეთილების ნიშანია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მედიასთან განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩინეთი კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებაში ეხმარება.

„ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები“, – განაცხადა ბლინკენმა.

ამასთან, მისივე თქმით, ომის დასრულების სწრაფი გზაა პუტინი გამოვიდეს ილუზიიდან, თითქოს შეუძლია, გაუძლოს უკრაინაში ომს.

„თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, თუ ამას გულწრფელად ფიქრობს, მაშინ შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები