პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, ინგლისური ენის თარჯიმნად 13 წელი იმუშავა. ამბობს, რომ ხელოვნების სიყვარულმა სძლია პროფესიას და 2016 წელს ჰობის სახით დაწყებული ხელნაკეთი სამკაულების ბიზნესი დღეს უკვე ძირითადად საქმიანობად იქცა.
საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა შიბორის ტექნიკა. – ნათია გელანტიას პერსონა.
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხელოვნება და ვცდილობდი ყველანაირი ხელსაქმე შემესწავლა. ვხატავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი, ბისერებით ვაწყობდი სამკაულებს და აქსესუარებს. ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ იმის გამო, რომ იმ პერიოდში ხელნაკეთი ნივთებისთვის არავის „სცხელოდა“, ჩავთვალეთ, რომ ეს პროფესია არ იქნებოდა პერსპექტიული. ამიტომ გადავწყვიტე უცხო ენებზე ჩამებარება. უნივერსიტეტში ჩაბარებით თითქმის სრულიად მოვწყდი ხელოვნებას და მთელ დროს ინგლისური ენის შესწავლას ვანდომებდი.
– უცხო ენების სპეციალისტი, ინგლისური ენის თარჯიმანი ხართ. ბოლოს მაინც, ხელოვნებამ გადასძალა. როგორ მოხდა? პირველი ნამუშევრები…
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვალიფიკაცია მთარგმნელ/თარჯიმნის კუთხით ავიმაღლე და დავიწყე მუშაობა მთარგმნელად. დაოჯახების შემდეგ 3 წელი რეპეტიტორად ვიმუშავე და შემდეგ დავიწყე მუშაობა სამხედრო ბაზაზე თარჯიმნად, ზუსტად ამ დროს, ერთ დღეს მომინდა, ჩემი პორტრეტის დახატვა. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური იყო, მაგრამ მეგობრებისგან შეკვეთები კი წამოვიდა. სწორედ ამ დროს მეგობარმა მირჩია, შემექმნა ფბ გვერდი და დამეწყო ხელნაკეთი ნივთების დამზადება. შევქმენი გვერდი ენჯი/ N.G.Art Accessories. თავდაპირველად ვამზადებდი საბავშვო აქსესუარებს, შემდეგ დავიწყე იმ დროს მოდური ტყავის საყურეების დამზადება. იმდენად მომეწონა ეს საქმიანობა, რომ რაიმე ორიგინალური და ახალი ტექნიკით სამკაულების დამზადება მომინდა.
– შიბორის ტექნიკას იყენებთ… საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ეს ტექნიკა გამოიყენა…
– სწორედ ასეთი ძიების დროს, შემთხვევით ინტერნეტში აღმოვაჩინე შიბორის სამკაულები, მოვიძიე ქართულ ბაზარზე და ანალოგი ვერ ვნახე, ამიტომ ჩემი მეგობრის შეგულიანებით გადავწყვიტე, მომეძია ინტერნეტსივრცეში ამ ტექნიკის დამზადების მასტერკლასი, გამოვიწერე შიბორი (რომელიც, რა თქმა უნდა, არ იშოვებოდა საქართველოში) და დავამზადე პირველი საყურე. შემდეგ მოჰყვა მეორე და ასე, თანდათანობით, დავხვეწე ეს ტექნიკა.
ამის შემდეგ დავიწყე სუტაჟისა და შიბორის ტექნიკების სხვებისთვის გაზიარება და დღეს, უკვე მეექვსე წელია, მაქვს კერძო კურსები, მსურველთა რაოდენობა კი სულ უფრო მატულობს.
– რა მასალას იყენებთ?
– ტექნიკის სახელწოდებიდან გამომდინარე, ძირითადი მასალა არის შიბორი. ეს არის იაპონური ტექნიკა, რაც გულისხმობს აბრეშუმის შეღებვას და დაგოფრვას სპეციალური მეთოდით. ასეთი ლენტები შემდგომ გამოიყენება სამკაულებსა და აქსესუარებში.
საბედნიეროდ, დღეს უკვე საქართველოშიც იწარმოება შიბორის ლენტი, რომელიც საკმაოდ ხარისხიანია და ფერთა დიდი არჩევანიც გვაქვს. ამ ტექნიკაში ასევე გამოიყენება სუტაჟის თასმები, რომელშიც ჩასმულია ფერადი მინა და ბუნებრივი ქვები. ამას ემატება ბისერებით ქარგვის ტექნიკაც და, საბოლოო ჯამში, ვიღებთ ორიგინალურ, ეფექტურ სამკაულს, რომელიც გულგრილს არ ტოვებს ქალბატონების უმრავლესობას.
– ამ ტექნიკით სამკაულებს 2016 წლიდან ამზადებთ. თქვენეული ხელწერაც საცნობია…
– კონკრეტულად შიბორის ტექნიკაზე მუშაობა 2017 წელს დავიწყე და პირველი კოლექციაც ამ დროს შევქმენი. ჩემი ხელწერაც ეტაპობრივად გამომიმუშავდა. ჩემი უამრავი ნამუშევრიდან ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ფავორიტი ნამუშევრებიც.
– სიახლე, ექსკლუზივი?
– მუდმივად ვცდილობ, სიახლე შევთავაზო ჩემს მომხმარებელს, თუმცა ბოლო პერიოდის სიახლე იყო ის, რომ კოლაბორაცია დავიწყე უნიჭიერეს ნინო გოშხეთელიანთან, მის მიერ შეკერილ ხავერდის და ბეწვის ჩანთებზე, საფულეებზე, ყაბალახებზე, ბერეტებზე და ა.შ. ვაკეთებ შიბორის დეკორაციას. სამომავლოდ კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს.
– საინტერესო ამბავი…
– ნამუშევრის შექმნის უამრავი საინტერესო ამბავი მაქვს, თუმცა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია ეს ისტორია: მეორე ბავშვს დღე-დღეზე რომ ველოდებოდი, შემიკვეთეს სამაჯური, რომლის დამზადება დავიწყე სახლში და დავასრულე მშობიარობის მეორე დღეს, სამშობიაროში. მომხმარებელს კი სამშობიაროს ეზოში გამოწერის დღეს მივაწოდე. ეს ნამუშევარი დღემდე ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
– ამბობთ, რომ მუზას არ ელოდებით… როგორ იქმნება ეს მომხიბლავი ნაირფერი სამკაულები? დიზაინს როგორ ქმნით?
– არასდროს ვაკეთებ ესკიზს, იმ უიშვიათეს შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც მომხმარებელი მთხოვს, გავუკეთო ესკიზები, ახალი დიზაინის სამკაულის შექმნისას. თავდაპირველად ვარჩევ ფერებს და შესაბამის მასალას, შემდეგ კი მუშაობის პროცესში მოდის მუზებიც და იდეებიც.
– ჰობი იქცა ძირითად საქმიანობად….
– ვინაიდან ჰობი ვაქციე ბიზნესად და გავხსენი სახელოსნო, ახლა მთლიანად გადავერთე ამ საქმეში, რომელიც საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. სამწუხაროდ, სხვა ჰობისთვის დროს არ მრჩება.
– ოჯახი და თქვენი ხელოვნება…
– ოჯახის ხელშეწყობის გარეშე, ნამდვილად ვერ გავრისკავდი ამ საქმის წამოწყებას. პატარა, 3 წლის კატო განსაკუთრებით მეხმარება ხოლმე ბისერების „დალაგებაში“.
– რაზე მუშაობთ ამჟამად? სამომავლო გეგმები.
– ამჟამად ვცდილობ, მაქსიმალურად გავზარდო ჩემი ბიზნესი და უფრო მეტ ადამიანს გავაცნო ამ ტექნიკით დამზადებული სამკაულები. ძალიან მალე გამოიცემა კატალოგი – „კულტურის ფესვები”, სადაც შეტანილია ქართველი ქალბატონების შესახებ ინფორმაცია.
თამარ შაიშმელაშვილი