„ბედნიერი ვერ ვიქნები, თუ ჩემი ნახატი მნახველს უემოციოდ დატოვებს“ – „ადამიანთა სევდიდან“ „ლურჯ შემოქმედებამდე“ და… ავაზა, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში იხატებოდა

გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. ხატვა კი ძლიერმა ტკივილმა დააწყებინა. ამბობს, რომ ხატვა უდიდეს საჩუქრად მიაჩნია. თავისი შემოქმედების ორ პერიოდს განიხილავს – ძალიან სევდიანს და უფრო გვიანდელს – ლურჯად შეფერილს.
მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები. ჩემი ნამუშევრების მფლობელთა წინაშე მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება უკეთესი ნამუშევრებით წარვდგე მათ წინაშე… – მხატვარ მაია ბირკაძის პერსონა.

– ბავშვობა მართლაც უბედნიერესი მქონდა, მხიარული, გაცისკროვნებული, „გულად ოქროს ბურთი მედგა და თავს ოქროს წვიმა მაწვიმდა“… მყავდა უკეთილშობილესი მშობლები, რომელთა დათესილი სიკეთე დღესაც მინათებს გზას…
სკოლის პერიოდი შემიძლია ჩავთვალო ლურჯ დღეებად და ბავშვობის მზედ, რომელიც არასოდეს, არასოდეს განმეორდება…
მქონდა საუკეთესო სტუდენტობა, ლაღი და ბედნიერი…
– ხატვა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყეთ…
– ხატვის დაწყებას ღვთის უდიდეს საჩუქრად ვთვლი… ხატვამ შემაძლებინა, გადამელახა და დამეძლია ის ემოციები, რაც მტკივნეულად დააჩნდა ჩემს სულს…
–   იმ დროინდელი ნამუშევრებიდან სათნო, სევდანარევი, მშვიდი თვალები გვიყურებს…
– ჩემს შემოქმედებას ვყოფ პერიოდებად… პირველ პერიოდს „ადამიანთა სევდას“ დავარქმევდი… საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად ფერთა სიუხვისა, საკმაოდ პოზიტიური და ნათელი ფერებისა, რომლითაც იხატებოდა ჩემი ნახატები, ნამუშევარი მაინც სევდიანი გამოდიოდა… ამ პერიოდში შექმნილი ნახატები, პორტრეტები, რომლებიც მეტად დაფიქრებულნი და სევდიანი თვალებით შემომცქერიან… ამ პერიოდში შეიქმნა ნახატების ციკლი: „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“,  „ამაზონი“,  „ხეთა მონაღვლენი“, „ზამთრისპირის სევდა“,  „ჩიტების გამომზამთრებელი“… და სხვ.
– სხვადასხვა ფერს იყენებთ, სევდიანსაც და მხიარულსაც. და მაინც, მგონია, რომ ლურჯი და შაბიამანისფერი გიყვართ უფრო მეტად…
– შემოქმედების მეორე ნაწილს ვუწოდებ „ჩემი ლურჯი შემოქმედება“… ამ პერიოდში შეიქმნა ჩემი საუკეთესო ტილოები, რომელთაც ბევრი მნახველი, ბევრი მომწონებელი, ბევრი ვირტუალური თუ რეალური მეგობარი შემძინა… დიახ, ფერებიც შეიცვალა, ხშირად ვიყენებ  ლურჯ და შაბიამანისფერ ტონებს…
ჩემში ჩამშვიდდა  მეტად აღელვებული ადამიანი, სულის ტკივილებმაც იკლო, რაც ფერში ასე აისახა… საზოგადოდ, ძნელია, სიტყვიერად გადმოსცეს მხატვარმა, რას განიცდის, როცა ამა თუ იმ ნახატზე მუშაობს…
– ფარშევანგი, ჟირაფი, მამალი, ავაზები… ვიცი, რომ ავაზა გიყვართ თქვენი ნამუშევრებიდან.  მართლაც, საოცრად არის გადმოცემული ამ საშიში ცხოველის კეთილშობილება, გაადამიანურებულია… როგორ დაიხატა ეს ავაზა?
– ყველა ჩემი შემოქმედების მოყვარულმა იცის ხშირად ვხატავ ფაუნის დიდებულ წარმომადგენლებს… ესენი დიდი ტილოებია, ჩემი უსაყვარლესი „შემოქმედების ნაყოფები“… მიყვარს ჩემი ჟირაფი, ნამდვილი დენდი, ამაყი და შეუვალი… ჩემი ლურჯი ხარი, სიკეთის და სიძლიერის გამომხატველი, ჩემი ავაზა – ერთდროულად სასტიკი და მკაცრი, მეორე მხრივ ძალიან სათნო და კეთილი… ეს ავაზა იქმნებოდა შვიდი თვის განმავლობაში (ტილო, ზეთი, 130×80), მნახველში ამ ტილომ გამოიწვია  აზრთა სხვადასხვაობა, რამაც ჩემში ერთგვარი კმაყოფილება მოიტანა… ვერ ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემი ნახატი მნახველს დატოვებს უემოციოდ…
– შექმნილი გაქვთ სხვადასხვა სერია…  შთაგონებას  ახალი ძიებები და ახალი წინსვლა მოჰყვება….
– ვერ ვიტყვი, რომ მივაღწიე ჩემი შემოქმედების მწვერვალს… არასოდეს ვარ კმაყოფილი მიღწეულით, მადლობა უფალს, მადლობა ჩემს მუზას, რომელიც არ მტოვებს და მიბიძგებს შედევრების შექმნისკენ… მადლობა ყველა ჩემი შემოქმედების შემფასებელს, ჩემი ნამუშევართა მფლობელებს, რომელთა წინაშეც მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება უკეთესი ნამუშევრებით წარვდგე მათ წინაშე… ასეთი ადამიანი უამრავია, მათ ყველას ჩემს მეგობრად ვთვლი, რადგან  ყოველი ჩემი ნახატი ჩემი სულის ნაწილია და ის მათ კედლებზე აგრძელებს სიცოცხლეს…
– პერსონალური გამოფენები, კატალოგები… სამომავლო გეგმები…
– რაც შეეხება გამოფენებს… ჯერ არ ვფიქრობ პერსონალური გამოფენა მოაწყო…
ჯგუფური გამოფენა მქონია ბევრი და შესაბამისად ჩემი ნამუშევრები ბევრ კატალოგშია განთავსებული…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები