საინგილოში ახალშობილებისთვის ქართული სახელების დარქმევა აკრძალულია
საინგილოში ახალშობილებისთვის ქართული სახელების დარქმევა აკრძალულია – ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი “ვერსია“ საგაზეთო რეპორტაჟს საინგილოდან. გაზეთ „ვერსიის“ ინფორმაციით, ერთადერი ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლა-განათლების მისაღებად პრობლემა ექმნება, ჰერეთში ინგილო ქართველობაა.
„ადგილობრივი ადმინისტრაცია ქართული სკოლა-სექტორების ფუნქციონირებას, განსაკუთრებით ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში, ვერაფრით ეგუება. კვლავ უკანონოდ გაუქმებულია მოსამზადებელი ქართული კლასები; ქართული სახელმძღვანელოების ღიად შეტანა შეუძლებელია და ადგილობრივ პედაგოგებს ყოველი სექტემბრის დასაწყისში ბრძოლა უხდებათ, რომ ქართულ კლასებში ბავშვები მიიღონ, როცა აზერბაიჯანულ სექტორზე ყველანაირი ხელშეწყობაა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევა კვლავ დიდი ბრძოლით, „ხალხის ჩარევით“ ხერხდება. ზოგიერთი ისეთი სახელის დარქმევაც კი იკრძალება, რომელიც იქაურ „სამაგიდო წიგნშია“ მითითებული, მაგრამ უარს იმ მოტივით ამბობენ, რომ მსგავსი სახელები საქართველოშიც გავრცელებულია (ავთანდილი, თენგიზი, გიორგი და ა.შ). მართლაც, სამარცხვინოა ყველაფერი ეს, მაგრამ რა ვთქვა აზერბაიჯანულ მხარეზე, როცა ქართულ მხარე კვლავ სირაქლემას პოზაშია – „ვერაფერს ხედავს, ვერაფერს ამჩნევს“.
ასეთ უპასუხისმგებლო პოლიტიკას რა მოაქვს, კარგად ვიცით. გამოსავალი დემოკრატიზაციაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, მეზობლებს შორის კოორდინირებული პოლიტიკის გატარებაშია. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი და საქართველო განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება – ერთი ევროკავშირისკენ გაცხადებულ პოლიტიკას ატარებს, მეორე, ყარაბაღის ჩიხის გათვალისწინებით, ლავირებასა და ნავთობდოლარებით თავის გატანას ცდილობს. ასეთ პრობლემურ ვითარებაში, ისტორიულად კეთილმეზობლობისთვის განწირულ მეგობრებს შორის დამატებითი გამაღიზიანებლების შემოტანა კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ ზღვარი ყველაფერს აქვს – ჰერეთის ქართველების მიზანმიმართული ასიმილაციის მცდელობა დაუშვებელია და ქართული მხარე ამ კუთხით აუცილებლად უნდა გააქტიურდეს“, – წერს “ვერსია“.